აქტუალური თემა ახალი ამბები მთავარი

„თბილისი-დუბაის რეისზე ტურბულენტობა უფრო გახშირდა – ავიაციისთვის ორმაგი გამოწვევაა“ – როგორ მოქმედებს კლიმატის ცვლილება ფრენებზე

„კლიმატის ცვლილება ავიაციის ინდუსტრიისთვის ორმაგ გამოწვევას წარმოადგენს, რადგან ერთის მხრივ, თავად სექტორი არის სათბური აირების ემისიის მნიშვნელოვანი წყარო, ხოლო მეორეს მხრივ, გლობალური დათბობით გამოწვეული მოვლენები სულ უფრო მეტად ართულებს ფრენებსა და ავიაციის ინფრასტრუქტურის მუშაობას“, – ამის შესახებ „ბიზნესპრესნიუსთან“ საუბრისას ავიაციის სფეროს ექსპერტმა, იასე ზაუტაშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, ტემპერატურის მატება, ტურბულენტობის გახშირება, ძლიერი შტორმები, ქარიშხლები და უეცარი უამინდობა პირდაპირ აისახება როგორც ფრენების უსაფრთხოებასა და კომფორტზე, ისე ავიაკომპანიების საოპერაციო ხარჯებზე.

„ავიაციის ინდუსტრიისთვის ეს ორმაგი გამოწვევაა. ერთის მხრივ, ეს სექტორი თავად არის სათბური აირების ემისიის მნიშვნელოვანი წყარო და ვალდებულია, რომ შეამციროს გარემოზე ზემოქმედება, ხოლო მეორეს მხრივ, გლობალური დათბობით გამოწვეული ცვლილებები პირდაპირ აუარესებს ფრენის პირობებს და მთლიანად ინფრასტრუქტურის მდგრადობას.

ტემპერატურის მატება პირდაპირ კავშირშია ასაფრენი მასის შეზღუდვასთან. ცხელი ჰაერი ნაკლებად მკვრივია, რაც ამცირებს თვითმფრინავის ამწევ ძალას.

მაღალი ტემპერატურის დროს თვითმფრინავებს სჭირდებათ უფრო გრძელი ასაფრენი ბილიკი ან იძულებული არიან შეამცირონ ასაფრენი წონა“, – აღნიშნა ექსპერტმა.

იასე ზაუტაშვილის თქმით, კლიმატური ცვლილებების ფონზე იზრდება ტურბულენტობის სიხშირეც, რაც მგზავრებისთვის დისკომფორტთან ერთად გარკვეულ რისკებსაც ქმნის.

„კლიმატური ცვლილებების დროს უფრო მატულობს ტურბულენტობა ჰაერში. ეს დისკომფორტს ქმნის და ამასთანავე რისკ-ფაქტორიც არის უსაფრთხო ფრენებისთვის.

რაც შეიმჩნევა, მაგალითად, თბილისი-დუბაის რეისზე, ტურბულენტობა უფრო გახშირდა. თვით პილოტებიც ამბობენ, რომ ფრენების დროს ეს უფრო ხშირია.

ძლიერი შტორმები, ქარიშხლები, უეცარი უამინდობა და ანომალიური სიცხეები ხშირად იწვევს მარშრუტების შეზღუდვას, რეისების გაუქმებას ან გადადებას, რაც პირდაპირ ზრდის ავიაკომპანიების საოპერაციო ხარჯებს.

თავის მხრივ, გადადებული რეისები მნიშვნელოვან პრობლემას უქმნის აეროპორტებსაც, რადგან ერთდროულად დიდი რაოდენობით დაგვიანებული რეისების მომსახურება დამატებით გამოწვევას ქმნის.

ისინი ვერ აუდიან ამდენ გადადებულ რეისს. ზოგჯერ ყოფილა შემთხვევები, როდესაც ერთ აეროპორტში 700-800 რეისი გადაიდო და ეს ძალიან დიდი რაოდენობით მგზავრების დაგროვებას იწვევს აეროპორტის ტერიტორიაზე“, – განაცხადა ექსპერტმა „ბიზნესპრესნიუსთან“.

იასე ზაუტაშვილის შეფასებით, კლიმატური ცვლილებებისა და სხვა გლობალური პროცესების გავლენა ავიაციაზე, საბოლოოდ, შესაძლოა ავიაბილეთების ფასზეც აისახოს, რადგან ავიაკომპანიებს ეზრდებათ საოპერაციო ხარჯები.

ამასთან, ექსპერტი აღნიშნავს, რომ მსოფლიოში მიმდინარე საომარი მოქმედებებიც ცალკე გამოწვევას ქმნის.

მისი თქმით, გარკვეული საჰაერო სივრცეების შეზღუდვის გამო ავიაკომპანიებს ხშირად უწევთ შემოვლითი მარშრუტებით ფრენა, რაც მგზავრობის ხანგრძლივობასა და ხარჯებს ზრდის.

თუმცა, როგორც იასე ზაუტაშვილი „ბიზნესპრესნიუსთან“ საუბრისას აღნიშნავს, ამ გლობალური გამოწვევებით საქართველოს ბაზარზე ნებისმიერი ფასის ზრდის გამართლება შეუძლებელია.

„ჩემ მიერ ჩამოთვლილი პრობლემები ყველაზე ნაკლებად შეიძლება შეეხებოდეს საქართველოს. ჩვენ არც საომარ ტერიტორიაზე ვიმყოფებით და არც საომარ ტერიტორიებზე გვაქვს რეგულარული ფრენები.

დანარჩენი მიმართულებით, როგორც დავფრინავდით მანამდე, ისე დავფრინავთ ახლაც. ამიტომ აქ დღევანდელი მსოფლიო კრიზისებიდან გამომდინარე არგუმენტების მოყვანა უადგილოა, როგორც ავიასაწვავის ზრდის, ასევე საოპერაციო ხარჯების თვალსაზრისით“, – განაცხადა იასე ზაუტაშვილმა „ბიზნესპრესნიუსთან“.

იტვირთბა....