აქტუალური თემა ახალი ამბები მთავარი მსოფლიო

რამდენი ვიზიტორი ეწვია ირანიდან წელს საქართველოს და როგორია ტურიზმიდან მიღებული შემოსავალი

ირანი იმ ტოპ-15 ქვეყანას შორისაა, საიდანაც საქართველოს ყველაზე მეტი მოგზაური ეწვია იანვარ-ივნისში. აღნიშნულს მოწმობს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის მიერ გამოქვეყნებული მონაცემები.

კერძოდ, ოფიციალური მონაცემებით, მიმდინარე წლის 1-ელ ნახევარში საქართველოში ირანიდან 29 397 მოგზაურის ვიზიტი შედგა. რაც წლიურად, 48.7%-ით შემცირებული მაჩვენებელია. 2025 წლის ანალოგიურ პერიოდში ქვეყანაში ირანიდან 57 292 ვიზიტი იყო განხორციელებული.

რაც შეეხება მიღებულ შემოსავლებს, ირანელმა ვიზიტორებმა 2026 წლის იანვარ-ივნისში საქართველოში 19.9 მლნ დოლარი დახარჯეს; მაშინ როცა 2025 წლის ანალოგიურ საანგარიშო პერიოდში ეს მაჩვენებელი 56.5 მლნ. დოლარი იყო.

შეგახსენებთ, რომ რამდენიმე დღის წინ, ამერიკის შეერთებულმა შტატებმა Economic Outcast-ის ფარგლებში ირანის ყველა ავიაკომპანიას სანქციები დაუწესა.

აღსანიშნავია, რომ მათ შორის რამდენიმე ავიაკომპანია (Qeshm Air, Sepehran Airlines, Iran Aseman Airlines, Varesh Airlines, Fly Kish Airlines) რეისებს ასრულებს საქართველოშიც.

სამოქალაქო ავიაციის სააგენტოში აცხადებენ, რომ ქვეყანა ითვალისწინებს ევროკავშირისა და აშშ-ის მიერ დაწესებულ სასანქციო მექანიზმებს.

„მგზავრთა, ადგილობრივი საავიაციო ბაზრისა და ინფრასტრუქტურის უსაფრთხოების უზრუნველყოფის მიზნით, საქართველოს სამოქალაქო ავიაციის სააგენტო წლებია, დამატებითი მონიტორინგის მექანიზმის სახით, ხელმძღვანელობს ამერიკის შეერთებული შტატების სახაზინო დეპარტამენტის უცხოური აქტივების კონტროლის ოფისის სანქცირებულთა სიით (Specially Designated Nationals and Blocked Persons list (“SDN List”) და OFAC-ის მიერ ადმინისტრირებული ყველა სხვა სასანქციო ნუსხით. შესაბამისად, აღნიშნული მექანიზმის ფარგლებში, საქართველოს ადრეც შეზღუდული ჰქონდა რამდენიმე ავიაკომპანიის ოპერირება.

საქართველო მომავალშიც ზედმიწევნით უზრუნველყოფს საერთაშორისო მოთხოვნების დაცვასა და გააგრძელებს აღნიშნული მექანიზმებით ხელმძღვანელობას. შესაბამისად, ვინაიდან აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ გაჟღერებული გაფართოებული სასანქციო ნუსხა მოიცავს ავიაკომპანიებს, რომლებიც დღეის მდგომარეობით ასრულებენ საჰაერო მიმოსვლას საქართველოსა და ირანს შორის, ქართული მხარე როგორც სხვა შემთხვევებში, ახლაც იმოქმედებს საერთაშორისო სანქციების რეჟიმის სრული დაცვით“,- აღნიშნულია ავიაციის სააგენტოს განცხადებაში.

იტვირთბა....