აქტუალური თემა ახალი ამბები მსოფლიო

რუსეთისა და ჩრდილოეთ კორეის საერთო საზღვარზე ორი ქვეყნის დამაკავშირებელი პირველი საავტომობილო ხიდი გაიხსნა

რუსეთისა და ჩრდილოეთ კორეის საერთო საზღვარზე ორი ქვეყნის დამაკავშირებელი პირველი საავტომობილო ხიდი გაიხსნა, რომელიც, რუსული მხარის განცხადებით, დღეში 300-მდე სატრანსპორტო საშუალების გადაადგილებას გახდის შესაძლებელს.

მდინარე ტუმენზე აგებული ხიდი ერთი კილომეტრის სიგრძისაა და ორ სამოძრაო ზოლს მოიცავს. მისი მშენებლობა 2025 წლის აპრილში დაიწყო. ამ დრომდე რუსეთისა და ჩრდილოეთ კორეის 17-კილომეტრიან საზღვარზე ერთადერთი მუდმივი გადასასვლელი 1959 წელს გახსნილი სარკინიგზო ხიდი იყო.

რუსეთის პრემიერმინისტრის, მიხეილ მიშუსტინის თქმით, ქვეყნების საზღვრის მახლობლად სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის განვითარება მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს რუსეთსა და ჩრდილოეთ კორეას შორის ეკონომიკური, სავაჭრო, ტექნოლოგიური, სამეცნიერო და კულტურული ურთიერთობების გაღრმავებას.

მოსკოვისა და ფხენიანის ურთიერთობები რუსეთის მიერ უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომის დაწყების შემდეგ გაღრმავდა. ჩრდილოეთ კორეამ რუსეთს სამხედროები და საბრძოლო მასალა მიაწოდა, ხოლო 2024 წელს ქვეყნებმა შეთანხმება გააფორმეს, რომელიც თავდასხმის შემთხვევაში ერთმანეთისთვის სამხედრო დახმარებას ითვალისწინებს.

თავის მხრივ, ჩრდილოეთ კორეის პრემიერმინისტრმა განაცხადა,რომ ხიდის მშენებლობის დასრულება მნიშვნელოვანი მოვლენაა ორმხრივი თანამშრომლობის დინამიკისათვის.

იტვირთბა....