Wildberries-ის სელერები აცხადებენ, რომ გაყიდული საქონლისთვის 20 მილიარდი რუბლი არ გადაუხდიათ და ხელისუფლებას თანხის დაბრუნებაში დახმარებას სთხოვენ. შესაბამისი წერილით მარკეტფლეისების გამყიდველთა კავშირმა რუსეთის პრემიერ-მინისტრს მიხაილ მიშუსტინს დახმარების თხოვნით უკვე მიმართა, რომლის ასლიც გამოცემა „კომერსანტმა“ მოიპოვა. მიმართვაში ნათქვამია, რომ სელერებს დღემდე არ მიუღიათ ივლისის ბოლო კვირის გაყიდვების ანაზღაურება, თუმცა თანხები 26 აგვისტომდე უნდა გადარიცხულიყო.
თავის მხრივ, Wildberries-ში განაცხადეს, რომ მეწარმეთა ნაწილისთვის გადარიცხვები დაგვიანდა სერვის „გამყიდველის ბალანსზე“ განხორციელებული DDoS-შეტევების გამო. დაცვის მექანიზმებს შეუძლიათ დროებით შეაჩერონ თანხების გაგზავნის ცალკეული ოპერაციების დამუშავება, რის შედეგადაც თანხის გამოტანის განაცხადების ნაწილი შესაძლოა, სტანდარტულ ვადაზე დიდხანს დამუშავდეს – განმარტეს კომპანიაში. ამასთან, იქვე დაარწმუნეს, რომ სელერების კუთვნილი თანხა უსაფრთხო ადგილასაა და აუცილებელი ტექნიკური პროცედურების დასრულების შემდეგ გადაირიცხება.
ბიზნესისთვის კრიტიკული თავად დაგვიანება კი არ არის, არამედ იმის გაუგებრობა, თუ როდის მოვა ფული – აღნიშნა „კომერსანტთან“ საუბრისას ელექტრონული ვაჭრობის წარმომადგენელთა ასოციაციის ხელმძღვანელმა ალექსეი მოსკალენკომ და იქვე დასძინა, რომ სელერებს აქვთ სახელფასო ფონდი, გადასახადები, შესყიდვები, ლოგისტიკა, რეკლამა და საკრედიტო ვალდებულებები, რის გამოც მათთვის მნიშვნელოვანია ფულადი ნაკადების დაგეგმვა.
ახლა იმ მომწოდებლების დაახლოებით 15–20%-მა, რომლებსაც შეეხოთ გადარიცხვების პრობლემა, შესაძლოა, შეამციროს ან დროებით შეაჩეროს ახალი ტვირთების გაგზავნა – მიიჩნევს სერვის Market Papa-ს დამფუძნებელი ვასილი ბუმაგინი. თუ დაგვიანებები გაგრძელდება, ამან შესაძლოა, მარკეტფლეისიდან სელერებისა და მომწოდებლების გადინება გამოიწვიოს – წერს გამოცემა.
ცნობისთვის, უკრაინული დრონების თავდასხმების შედეგად დაზიანდა Wildberries-ის უდიდესი ლოგისტიკური ჰაბები, მათ შორის ელექტროსტალში, კრასნოდარში, ნევინომისკში, ეკატერინბურგსა და პეტერბურგში. საერთო ჯამში, ამის შედეგად Wildberries-მა სასაწყობო სიმძლავრეების 20%-ზე მეტი დაკარგა და სხვადასხვა შეფასებით 100-დან 200 მილიარდ რუბლამდე ზარალი განიცადა.

