აქტუალური თემა ახალი ამბები მთავარი მსოფლიო პოლიტიკა ციტატა

“საქართველო ძალიან ცოტა ქვეყნებს შორისაა, რომლებმაც მოსწავლეთა შედეგები გააუმჯობესეს საბუნებისმეტყველო მეცნიერებებში, კითხვისა და მათემატიკის მიმართულებით” – OECD-ის განათლების მიმართულების დირექტორი 

ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაციის (OECD) განათლებისა და უნარების მიმართულების დირექტორი ანდრეას შლაიხერი PISA-ს კვლევის შედეგებს ეხმიანება და საქართველოს მიღწევებს სხვა ქვეყნებისთვის სამაგალითოს უწოდებს.

ანდრეას შლაიხერი საქართველოს მასწავლებლებსა და დირექტორებს ულოცავს.

„შედეგები, რომლებსაც თქვენ OECD-ის PISA-ს შეფასების უახლეს ციკლში მიაღწიეთ, მხოლოდ საქართველოსთვის არ არის კარგი ამბავი. ეს არის ისტორია, რომელზეც სხვა ქვეყნებმაც უნდა გაამახვილონ ყურადღება. იმ დროს, როდესაც ბევრი განათლების სისტემა სირთულეებს ებრძვის, საქართველო წინ მიიწევს. საქართველო იმ ძალიან ცოტა ქვეყანას შორისაა, რომლებმაც 2022 წლის შემდეგ მოსწავლეთა შედეგები გააუმჯობესეს PISA-ს მიერ შეფასებულ სამივე მიმართულებაში: საბუნებისმეტყველო მეცნიერებებში, კითხვასა და მათემატიკაში. განსაკუთრებული მიღწევაა საბუნებისმეტყველო მეცნიერებებსა და მათემატიკაში. ეს საქართველოსთვის ყველაზე მაღალი შედეგია 2010 წლიდან მოყოლებული, მას შემდეგ, რაც ქვეყანა პირველად შეუერთდა PISA-ს. ეს რაღაც მნიშვნელოვანს გვეუბნება და უბრალოდ კარგი სიახლე არ არის. ჩვენ ვხედავთ, რომ საქართველოს სასკოლო სისტემა წინ მიიწევს და ამას უდიდესი მნიშვნელობა აქვს – ის საკლასო ოთახები, რომლებსაც დღეს ქმნით, ხვალ იქცევა საზოგადოებად, ეკონომიკად და დემოკრატიად. განათლება ყოველთვის არის ის, რაც ქვეყნის მომავალს განსაზღვრავს“, – განაცხადა ანდრეას შლაიხერმა.

მისი თქმით, საქართველოს დღევანდელი მოსწავლეები ხვალინდელი ინჟინრები, მეწარმეები, ექიმები, მკვლევრები, მასწავლებლები და საჯარო მოხელეები გახდებიან, შექმნიან ბიზნესებს, გადაჭრიან პრობლემებს, გააძლიერებენ თემებს და ჩამოაყალიბებენ იმ ინსტიტუტებს, რომლებზეც ქვეყნის მომავალი იქნება დამოკიდებული.

„ქართველმა მასწავლებლებმა უნდა იამაყონ, რადგან 10-დან რვა მოსწავლემ განაცხადა, რომ მათი მასწავლებლები თითოეული მოსწავლის მიღწევებით ინტერესდებიან. ეს მნიშვნელოვანია, რადგან PISA-ს კვლევების თანახმად, მოსწავლეები უკეთ სწავლობენ მაშინ, როდესაც მასწავლებლებმა მათ შესახებ ბევრი რამ იციან, ინტერესდებიან მოზარდების პროფესიული არჩევანით და ამ გზაზე მათ გვერდით დგანან. PISA-ს მონაცემები ასევე აჩვენებს, რომ ბევრ ქართველ მოსწავლეს სჯერა საკუთარი შესაძლებლობის. ისინი საკუთარ სწავლაზე პასუხისმგებლობას იღებენ, მიზნებს ისახავენ და აქტიურად ქმნიან საკუთარ გზას. ეს ყველაფერი თანამედროვე ცხოვრებაში წარმატების მნიშვნელოვანი შემადგენელი ნაწილია“, – აღნიშნა ანდრეას შლაიხერმა.

მისი თქმით, ბევრ ქვეყანაში სკოლა, რომელშიც ბავშვი სწავლობს, ჯერ კიდევ მნიშვნელოვნად არის დამოკიდებული იმ ოჯახზე, რომელშიც ის დაიბადა. განაგრძეთ კითხვა…

იტვირთბა....