რუსეთის ეკონომიკამ 2026 წელს საზღვარგარეთ ფულის გატანის „ჩრდილოვანი“ ოპერაციების მკვეთრი ნახტომი განიცადა – ამის შესახებ moscowtime- რუსეთის ფედერაციის ცენტრალური ბანკის სტატისტიკაზე დაყრდნობით წერს.
რეგულატორის შეფასებით, მეორე კვარტალში ქვეყნიდან 12.2 მლრდ დოლარი გავიდა ისეთი ოპერაციების შედეგად, რომლებიც არ მიეკუთვნება არცერთ სტანდარტულ კატეგორიას (იმპორტი, ვალის დაფარვა, ინვესტიციები და ა.შ.) და საგადამხდელო ბალანსში კლასიფიცირებული იყო, როგორც „წმინდა შეცდომები და გამოტოვებები“.
ასეთი ოპერაციების მოცულობა, რომლებსაც თავად ცენტრალური ბანკი ვერ ხსნის, იანვარ-მარტთან (1.4 მლრდ დოლარი) შედარებით 8,7-ჯერ გაიზარდა და ცენტრალური ბანკის მონაცემთა არსებობის ისტორიაში (1994 წლიდან) რეკორდულ მაჩვენებელს მიაღწია. სტატისტიკის თანახმად, აღურიცხავი გადინების შედეგად ეკონომიკას ამ მოცულობის უცხოური ვალუტა არ დაუკარგავს არც ომის არცერთ კვარტალში, არც „2010-იანებში“, როდესაც ნავთობი 100 დოლარზე მეტი ღირდა, და არც 1990-იანების ქაოსის დროს – წერს გამოცემა.
თავად ცენტრალური ბანკი საგადამხდელო ბალანსის „შეცდომებსა და გამოტოვებებს“ „სტატიკურ უზუსტობებს“ უწოდებს, თუმცა ამ მუხლის მიღმა ასევე იმალება აღურიცხავი ოპერაციები და კაპიტალის პოტენციურად ფარული გადინება, – აღნიშნავს ეკონომისტი დიმიტრი პოლევოი.
ამ მუხლით წინა კვარტალური რეკორდი ცენტრალურმა ბანკმა 2009 წლის პირველ კვარტალში დააფიქსირა (8.3 მლრდ დოლარი). თუმცა ამჯერად ის თითქმის 1,5-ჯერ გადაიფარა. „შეცდომებისა და გამოტოვებების“ შედეგად ქვეყნიდან გავიდა ექსპორტის კვარტალური შემოსავლის (125.7 მლრდ დოლარი) ყოველი მეათე დოლარი და სავაჭრო ბალანსის პროფიციტის (38.3 მლრდ დოლარი) თითქმის მესამედი.
აღსანიშნავია, რომ ბოლო პერიოდში რუსეთის უმდიდრესმა პირებმა, მათ შორის, პუტინთან დაახლოებულმა ოლიგარქებმა ქვეყნიდან კაპიტალის გადინება გააძლიერეს, რისი მიზეზიც ეკონომიკისა და საბანკო სისტემის შესახებ მზარდი შეშფოთება და შიშია, რომ კატასტროფული სამხედრო ბიუჯეტის სასარგებლოდ კუთვნილი თანხა ჩამოერთმევათ. ამის შესახებ Bloomberg-ი ჯერ კიდევ ივლისში რუსულ ელიტასთან დაახლოებულ წყაროებზე დაყრდნობით წერდა. Bloomberg-ის წყაროების ცნობით, ბიზნესმენებს თანხები გადააქვთ კვიპროსზე, არაბთა გაერთიანებულ საამიროებში, თურქეთში, საუდის არაბეთსა და აფრიკაშიც კი.
მაშინ სააგენტო წყაროზე დაყრდნობით წერდა, ბოლო ერთი წლის განმავლობაში და, განსაკუთრებით, ბოლო თვეებში ქვეყნიდან სახსრების გადინება დაჩქარდა. კაპიტალის დასაცავად უმდიდრესი რუსები კრიპტოვალუტას და ოქროს იყენებენ, ასევე, ძირითადად, ახლო აღმოსავლეთის უცხოურ აქტივებსა და კერძო საინვესტიციო ფონდებში აინვესტირებენ.

