კუდ-ის ყოფილმა უფროსმა ლევან ქარდავამ დღეს გამართულ სასამართლო პროცესზე ჩვენება შეცვალა და წარდგენილ ბრალდებას აღარ აღიარებს. სასამართლო პროცესი 2012 წელს, ბიძინა ივანიშვილის პირადი დაცვის წევრების უკანონო მოსმენას და ფარული ჩანაწერების გავრცელებასთან დაკავშირებულ საქმეს ეხებოდა.
კუდ-ის ყოფილმა უფროსმა განაცხადა, რომ მისგან აღიარებითი ჩვენება გამოძიებამ ზეწოლის შედეგად მიიღო.
ქარდავამ პროცესზე დაკითხვისას სასამართლოს ახალი ჩვენება მისცა და მისი მხრიდან უკანონო ქმედებების ჩადენა უარყო. როგორც კუდ-ის ყოფილმა მაღალჩინოსანმა განაცხადა, 2012 წელს, დეპარტამენტებისა და სამმართველოების ხელმძღვანელთა თათბირზე თქვეს, რომ არსებობს ინფორმაცია კონკრეტულ დანაშაულთან დაკავშირებით, რომელიც ბიძინა ივანიშვილს უკავშირდებოდა. ამის შემდეგ დეპარტამენტებს და სამმართველოებს დაევალათ ინფორმაციების შეგროვება. რამდენიმე დღეში კი მათ ბიძინა ივანიშვილის პირადი დაცვის წევრების მოსმენის კანონიერი ბრძანება მიიღეს.
„როდესაც კაბინეტში ვიყავი, შემოვიდა ჩემი მოადგილე ვახტანგ ბოჭორიშვილი და მითხრა, რომ ბესიკ სურმავა არის მისი ნათესავი და შეუძლია კონტაქტის დამყარება. მეორე დღეს ბოჭორიშვილმა მითხრა, რომ სურმავასთან ოპერატიული კონტაქტი დამყარებულია. ის არ იყო ჩვენი აგენტი, არამედ იყო პირადი კონტაქტი და კონტაქტის დამყარება უკანონობა არ არის“, – განაცხადა ლევან ქარდავამ.
კუდ-ის ყოფილი უფროსის ინფორმაციით, ბესიკ სურმავას, როგორც მისთვისაა ცნობილი, კონკრეტული თანხები რამდენჯერმე აქვს აღებული ინფორმაციის სანაცვლოდ.
„სურმავას რამდენჯერმე აქვს თანხა აღებული იმ ფარგლებში, რა ფარგლებშიც კანონი ამის საშუალებას გვაძლევდა, თუმცა ჩვენთვის უცნობია, გადაეცა თუ არა მას 150 000 ევრო, რადგან ის იყო ბოჭორიშვილის პირადი კონტაქტი და სოდ-ში გადასვლის შემდეგ მას გადაყვა“, – განაცხადა ქარდავამ.