აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპის ადმინისტრაცია ქვეყნის ისტორიაში ვიზების ყველაზე მასშტაბური გაუქმებისთვის ემზადება, რაც შესაძლოა, 200 000-მდე უცხოელს შეეხოს. ამის შესახებ Associated Press (AP) წერს.
სააგენტოს ცნობით, უახლოეს კვირებში სახელმწიფო დეპარტამენტი ემზადება, 2016-2026 წლებში იმ უცხოელებისთვის გაცემული B1-ის ბიზნეს-ვიზები და B2-ის ტურისტული ვიზები გააუქმოს, რომლებმაც ადრე აშშ-ში თავშესაფარი ითხოვეს. მოელიან, რომ ეს გადაწყვეტილება შიდა უსაფრთხოების დეპარტამენტთან ერთად აღსრულდება.
სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენელ ტომი პიგოტის ცნობით, ხელისუფლება ცდილობს, „გამოავლინოს და გააუქმოს იმ უცხოელების არაიმიგრაციული ვიზები, რომლებიც შეერთებულ შტატებში, თითქოსდა, მოკლევადიანი ვიზიტორების სახით ჩამოდიან და შემდეგ სამუდამოდ დარჩენისთვის თავშესაფარს ითხოვენ.“
თუმცა ვიზის გაუქმება აუცილებლად დაუყოვნებლივ დეპორტაციას არ გამოიწვევს. აშშ-ის ოფიციალურ პირებს შორის AP-ის წყაროების ცნობით, თავშესაფრის მოთხოვნის მქონე უცხოელების უმეტესობას სხვა კატეგორიაში გადაიყვანენ, თუმცა ბიზნეს ან ტურისტული ვიზიტორების სტატუსს დაკარგავენ.
ამჟამად აშშ-ის ვიზების განმცხადებლებმა უნდა დაადასტურონ, რომ შეერთებულ შტატებში თავშესაფრის მოთხოვნას არ აპირებენ და სამშობლოში დაბრუნების განზრახვა აქვთ.
B1-ისა და B2-ის მოქმედი ვიზების მფლობელების შემოწმება მას შემდეგ დაიწყო, რაც სახელმწიფო დეპარტამენტმა აშშ-ის მოქალაქეობისა და იმიგრაციის სამსახურისგან (USCIS) თავშესაფრის განაცხადების შესახებ ინფორმაცია მიიღო. ბოლო 18 თვის განმავლობაში, სახელმწიფო დეპარტამენტმა, დაახლოებით, 175 000 ვიზა დანაშაულში მსჯავრდებულ ან ბრალდებულ პირებსა და იმ პირებს გაუუქმა, რომლებიც აშშ-ის პოლიტიკას საჯაროდ აკრიტიკებდნენ.
დეპარტამენტში აცხადებენ, რომ იმიგრაციის აღსრულების ინსტრუმენტის სახით ვიზის გაუქმების გამოყენებას გააგრძელებენ და იმ უცხოელებს გამოავლენენ, რომლებიც შესაძლოა, საფრთხეს წარმოადგენდნენ. ამასთან, ტრამპის ადმინისტრაციას 75 ქვეყნის, მათ შორის, რუსეთის მოქალაქეებისთვის იმიგრაციული ვიზების გაცემა განუსაზღვრელი ვადით უკვე შეჩერებული აქვს.
ცნობისთვის: საარჩევნო კამპანიის დროს ტრამპმა პირობა დადო, რომ თეთრ სახლში დაბრუნებისთანავე აშშ-ის ისტორიაში არალეგალი მიგრანტების დეპორტაციის ყველაზე მასშტაბურ კამპანიას დაიწყებდა. The Washington Post-ის ცნობით, ტრამპის ადმინისტრაცია იმედოვნებდა, რომ ახალ საპრეზიდენტო პირველ წელს ქვეყნიდან 1 მილიონამდე მიგრანტს გააძევებდა.

