ახალი ამბები საზოგადოება

ადგილობრივი ვიზიტორების საშუალო თვიური ხარჯი 177 ლარამდე გაიზარდა – სად მოგზაურობენ საქართველოს რეზიდენტები?

2026 წლის II კვარტალში საქართველოს ტერიტორიაზე 15 წლის და უფროსი ასაკის ადგილობრივი ვიზიტორების საშუალო თვიური რაოდენობა 1 365 300-ით განისაზღვრა, რომელთა მიერ ქვეყნის ტერიტორიაზე განხორციელებული ვიზიტების საშუალო თვიურმა რაოდენობამ 1 699 100 ერთეული შეადგინა. ამის შესახებ სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებიდან ირკვევა.

„საქსტატის“ ცნობითვე, აღნიშნულ პერიოდში ვიზიტორების საშუალო თვიური რაოდენობა შემცირდა 0.1 პროცენტით, ხოლო მათ მიერ განხორციელებული ვიზიტების რაოდენობა 1.1 პროცენტით მეტია წინა წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელზე.

„2026 წლის II კვარტალში საქართველოს რეზიდენტი ვიზიტორების მიერ საქართველოს ტერიტორიაზე განხორციელებული ტურისტული ტიპის ვიზიტების საშუალო თვიური რაოდენობა 683.4 ათასით განისაზღვრა, რაც 1.3 პროცენტით ნაკლებია წინა წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელზე.

ვიზიტორების უმრავლესობა, 36.1 პროცენტი, 51-70 წლამდე ასაკობრივ კატეგორიას მიეკუთვნებოდა, ქალების რაოდენობა კი ვიზიტორების ჯამური რაოდენობის 56.0 პროცენტს შეადგენდა.

გამოკვლევის შედეგების მიხედვით, ვიზიტორების 38.2 პროცენტი ქ. თბილისის მაცხოვრებელია, 16.3 პროცენტი მოდის იმერეთის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის რეგიონზე, ხოლო დანარჩენი რეგიონები შედარებით დაბალი წილებით არის წარმოდგენილი.

2026 წლის II კვარტალში ვიზიტების უმრავლესობა (52.6 პროცენტი) განხორციელდა მეგობრების/ნათესავების მონახულების მიზნით“, – ნათქვამია „საქსტატის“ ინფორმაციაში.

მათივე ცნობით, საანგარიშო პერიოდში ყველაზე მეტი ვიზიტი იმერეთში განხორციელდა.

„საანგარიშო პერიოდში ყველაზე მეტი ვიზიტი განხორციელდა იმერეთის რეგიონსა (საშუალოდ 377.4 ათასი ვიზიტი თვეში) და ქ. თბილისში (საშუალოდ 377.4 ათასი ვიზიტი თვეში).

2026 წლის II კვარტალში განხორციელებული ვიზიტებისას გაწეული საშუალო თვიური ხარჯების მოცულობა განისაზღვრა 300.7 მილიონი ლარით, რაც 7.2 პროცენტით მეტია გასული წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელზე. ამასთან, ერთ ვიზიტზე გაწეული საშუალო ხარჯი გაიზარდა 6.0 პროცენტით და 177.0 ლარს გაუტოლდა“, – აღნიშნულია სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციაში.

იტვირთბა....