ქართველი მოგზაურებისთვის კვიპროსიც და თურქეთიც პოპულარული და ბიუჯეტურად ხელმისაწვდომი ვარიანტებია, თუმცა, უნდა ითქვას, რომ ამ ორ ლოკაციაზე დასვენების სტილი საკმაოდ განსხვავდება. თურქეთში დასვეენებისას შვებულების უმეტეს ნაწილს სასტუმროში, კურორტის შიდა ტერიტორიაზე ატარებ. კვიპროსში მეტი ადგილია დასათვალიერებელი. დამსვენებლებს მრავალფეროვან სანაპიროებსა და აქტიურ ღამის ცხოვრებას სთავაზობს. ამ ორ ლოკაციას შორის არჩევანი პირად პრეფერენციებზეა დამოკიდებული. დღეს დაგეხმარებით, მოიფიქრო, რომელი მიმართულებით სჯობს ამ ზაფხულს ბილეთების აღება.
ქვეყნის ტერიტორიაზე შესვლის პირობები
თურქეთშიც და კვიპროსშიც საქართველოს მოქალაქეებისთვის შესვლა საკმაოდ მარტივია. საქართველოს მოქალაქეები თურქეთის ტერიტორიაზე ვიზის გარეშე შედიან და შეუძლიათ დარჩნენ 90 დღემდე ვადით. მოკლევადიანი ვიზიტის შემთხვევაში, იგივე შეიძლება ითქვას კვიპროსზეც. საქართველოს მოქალაქეებს კვიპროსში ტურისტული მიზნით გამგზავრებისთვის ვიზა არ სჭირდებათ. მათ შეუძლიათ ქვეყანაში 90 დღის განმავლობაში უვიზოდ ყოფნა. ეს ფაქტორი ამ მიმართულებებს პრაქტიკულად იდეალურს ხდის სპონტანური, სწრაფად დაგეგმილი დასვენებისთვის, როდესაც გსურს ყოველგვარი ბიუროკრატიული ბარიერების გარეშე, რამდენიმე დღეში ზღვის პირას აღმოჩნდე.
ფრენები საქართველოდან
თურქეთის მიმართულებით საზღვაო სეზონზე ქართველ მოგზაურებში ყველაზე პოპულარული კურორტული ქალაქი ანტალიაა. Skyscanner-ის მონაცემებით, თბილისიდან ანტალიის საერთაშორისო აეროპორტამდე პირდაპირ რეისებს რამდენიმე ავიაკომპანია ასრულებს, მათ შორის, Pegasus Airlines, SunExpress და Southwind Airlines. ზაფხულის აქტიურ პერიოდში კვირაში დაახლოებით 8 პირდაპირი ფრენა სრულდება, რაც მგზავრობის თარიღების შერჩევას საგრძნობლად ამარტივებს. თურქეთის მიმართულება განსაკუთრებით მოსახერხებელია მათთვის, ვინც ტურისტული ტურებით სარგებლობს. ფრენა, აეროპორტის ტრანსფერი, სასტუმრო და კვება ძირითადად ტურის ფასშივე შედის და დამოუკიდებლად ძებნა არ გიწევს.
კვიპროსის შემთხვევაში, ქართველი მოგზაურების რჩეული ლოკაცია ლარნაკაა. თბილისი–ლარნაკას პირდაპირ ფრენებს Air Dilijans და Georgian Airways ახორციელებენ. თუ კუნძულის მეორე ნაწილში, პაფოსში გსურს მოხვედრა, უნდა იცოდე, რომ პირდაპირი ფრენები თბილისიდან ამ მიმართულებით ამჟამად არ არის და რეისები შეზღუდულია, რაც მგზავრობის დაგეგმვისას აუცილებლად უნდა გაითვალისწინო.
სად უფრო იაფად დაისვენებ?
ფინანსური თვალსაზრისით, თურქეთი გაცილებით პროგნოზირებადი არჩევანია. როდესაც ირჩევ All-Inclusive ტიპის სასტუმროს, წინასწარვე იცი, რა დაგიჯდება დასვენება, რაც მოიცავს სამჯერად კვებას, სასმელებს, აუზითა და სანაპიროთი სარგებლობას და ხშირად შიდა გასართობ შოუ-პროგრამებსაც კი. ეს საუკეთესო არჩევანია, თუ გსურს თავიდან აირიდო ყოველდღიურად რესტორნების ძებნა, ტრანსპორტის საფასურის გადახდა და დამატებითი აქტივობების ცალ-ცალკე დაფინანსება.
კვიპროსზე ბიუჯეტის მოცულობა მთლიანად შენზეა დამოკიდებული. თუ არჩევანს შეაჩერებ შედარებით ბიუჯეტურ ბინაზე, გადაადგილებისთვის გამოიყენებ საზოგადოებრივ ტრანსპორტს და კვების ობიექტებს წინასწარ შეარჩევ, ხარჯების კონტროლს მარტივად შეძლებ. თუმცა, თუ საცხოვრებლად ისეთ პოპულარულ კურორტებს აირჩევ, როგორებიცაა აია-ნაპა, ლიმასოლი ან უშუალოდ ცნობილ პლაჟებთან ახლოს მდებარე ლოკაციები, ადგილობრივი რესტორნების, ბარებისა და ყოველდღიური ტრანსპორტის ხარჯები მთლიან ბიუჯეტს სწრაფად გაზრდის.
დასვენების სტილი: სასტუმრო თუ აქტიური მოგზაურობა?
თურქეთის საზღვაო კურორტებზე, განსაკუთრებით ანტალიაში, ბელეკში, ქემერში, ალანიასა და სიდეში, ყველაფერი სასტუმროს კომპლექსის გარშემო ტრიალებს. აქაურობა გათვლილია იმაზე, რომ სტუმარმა სივრციდან გაუსვლელად მიიღოს მაქსიმალური სიამოვნება. ეს მიმართულება იდეალურია, თუ გსურს:
- აუზზე გარუჯვა და ბანაობა;
- სასტუმროს შიდა პროგრამებზე დასწრება;
- მინიმალური ფიზიკური გადაადგილება და სრული რელაქსაცია.
კვიპროსი სრულიად სხვა ენერგეტიკის კუნძულია. ის იდეალურად ერგება იმ მოგზაურებს, ვისაც ერთ ადგილას, თუნდაც მდიდრულ სასტუმროში, დიდხანს გაჩერება არ უყვარს. კვიპროსზე არ ხარ მიჯაჭვული კონკრეტულ ლოკაციაზე. გაქვს შესაძლებლობა, ყოველდღე ახალი სანაპირო, კვების ობიექტი და აქამდე უცნობი ქუჩა აღმოაჩინო.
სანაპიროები და ზღვა
თურქეთის ძირითად კურორტებზე პლაჟები და სანაპირო ზოლი ხშირად კონკრეტულ სასტუმროებს აქვთ ათვისებული. ეს საკმაოდ კომფორტულია, რადგან უფასო შეზლონგი, ქოლგა, სანაპიროს ბარი, სუფთა პირსახოცები და საკვები ყოველთვის ხელმისაწვდომ მანძილზეა. თუმცა, გასათვალისწინებელია, რომ სანაპიროები შეიძლება ზედმეტად გადატვირთული იყოს ან მთლიანად სასტუმროს შიდა წესებზე იყოს დამოკიდებული.
კვიპროსი გაცილებით მრავალფეროვან და დამოუკიდებელ საზღვაო გამოცდილებას გთავაზობს. ისეთი კურორტები, როგორებიცაა აია-ნაპა და პროტარასი, მთელ მსოფლიოშია ცნობილი კრისტალივით სუფთა, გამჭვირვალე წყლით, თეთრი ქვიშიანი სანაპიროებითა და ცოცხალი, ახალგაზრდებზე მორგებული გარემოთი.
ღამის ცხოვრება და გართობა
თუ გსურს დრო ენერგიულად გაატარო, კვიპროსი ამისთვის გაცილებით მეტ შესაძლებლობას გთავაზობს. კუნძული იდეალურია თუ მეგობრებთან ერთად დასვენება და გართობა გინდა, ასევე ახალგაზრდა წყვილებისთვის. აია-ნაპაზე არაერთი კლუბი და ბარია, სადაც საინტერესო, თემატური ღონისძიებები იმართება.
თურქეთშიც არის აქტიურ ღამის ცხოვრებას მორგებული ლოკაციები, განსაკუთრებით ბოდრუმსა და მარმარისში, ან ანტალიის ცენტრალურ ნაწილში, თუმცა ქართველი ტურისტების უმრავლესობისთვის დასვენება მაინც სასტუმროს შიდა აქტივობებზეა ორიენტირებული. აქ გართობა ძირითადად მოიცავს სასტუმროს ტერიტორიაზე ორგანიზებულ ცოცხალ მუსიკას, მოწვეული არტისტების შოუებს, საბავშვო ანიმატორებს, ბარებს, რაც კომფორტულია, თუმცა მასშტაბებითა და სტილით მნიშვნელოვნად განსხვავდება კვიპროსისგან.
ოჯახთან ერთად სად სჯობს დასვენება?
საოჯახო შვებულებისთვის, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც პატარა ბავშვებთან ერთად მოგზაურობ, თურქეთი პრაქტიკულად უკონკურენტოა. აქ დაგხვდება:
- საოჯახო ტიპის სასტუმროების კომპლექსი თავიის დაცული ტერიტორიით;
- სპეციალური საბავშვო აუზები და აკვაპარკები;
- სივრცეები, სადაც ბავშვებს მთელი დღე ართობენ.
მშობლებისთვის თურქეთი გაცილებით ნაკლებად დამღლელია, რადგან ყველა ყოფითი დეტალი სასტუმროს ადმინისტრაციას უკვე მოგვარებული აქვს.
კვიპროსიც შეიძლება იქცეს კარგ საოჯახო ლოკაციად, თუმცა მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ შენს ოჯახს დამოუკიდებლად გადაადგილება, ლოკაციების ხშირი ცვლა და აქტიური დღის რეჟიმი არ აშინებს. ბავშვებთან ერთად კვიპროსზე გამგზავრებისას რეკომენდებულია არჩევანი შეაჩერო შედარებით მშვიდ და წყნარ ადგილებზე, მაგალითად, პროტარასსა და პაფოსზე, და მოერიდო აია-ნაპას ცენტრალურ, ხმაურიან ნაწილებს.
წყვილებისთვის და მეგობრებისთვის
კვიპროსი გაცილებით რომანტიკული, ესთეტიკური და თავგადასავლებით სავსე შეიძლება იყოს იმ წყვილებისთვის, რომლებსაც უყვართ მზის ჩასვლისას ლამაზ ადგილებში სეირნობა, ევროპულ ქალაქებში სიარული, მყუდრო ადგილობრივ რესტორნებში ვახშმობა და მოკლე road trip-ების მოწყობა. თურქეთი კი საუკეთესო გამოსავალია მათთვის, ვისაც სტრესული სამუშაო დღეების შემდეგ მხოლოდ სრული სიმშვიდე, კარგი სპა ცენტრი, აუზი, ზღვა და მინიმალური საზრუნავი სურს.
მეგობრების დიდი თუ მცირე ჯგუფისთვის კვიპროსი, თავისი ხმაურიანი და ენერგიული კურორტებით, გაცილებით დინამიკური და დასამახსოვრებელია. აქ ყოველი დღე ახალი თავგადასავალია.
უსაფრთხოება და კომფორტი
ორივე ქვეყანა მაღალი სტანდარტების მქონე, უსაფრთხო ტურისტული მიმართულებაა. მიუხედავად ამისა, იმისთვის, რომ შენი შვებულება იდეალურად წარიმართოს, გაითვალისწინე ეს პრაქტიკული რჩევები:
- გამგზავრებამდე აუცილებლად შეიძინე მოქმედი სამოგზაურო დაზღვევა;
- დეტალურად გადაამოწმე ავიაბილეთის გაუქმებისა თუ ცვლილების პირობები;
- სასტუმროს მისამართი, ჯავშნები და რუკები ყოველი შემთხვევისთვის offline რეჟიმშიც შეინახე;
- წინასწარ გაარკვიე, როგორ ხვდები აეროპორტიდან საცხოვრებელ ადგილამდე;
- შენი ბიუჯეტი წინასწარ დაყავი კატეგორიებად: სასტუმრო, კვება, ტრანსპორტი, გართობა და ინტერნეტი;
- კავშირის შეუფერხებლად შესანარჩუნებლად, აუცილებლად წინასწარ შეიძინე როუმინგ ინტერნეტი.
შეჯამება – რომელი ავირჩიოთ?
აირჩიე თურქეთი, თუ:
- გინდა მაქსიმალურად მშვიდი დასვენება და რელაქსაცია;
- გირჩევნია All-Inclusive სასტუმროები, სადაც ყველაფერი უკვე გამზადებული გხვდება;
- სამოგზაუროდ მიდიხარ ოჯახთან და პატარა ბავშვებთან ერთად;
- არ გსურს ყოველდღიურად რესტორნების, კვების ობიექტებისა და ტრანსპორტის ძებნაზე დროის კარგვა;
- გირჩევნია შენი ფინანსური ხარჯები წინასწარ, ზუსტად გქონდეს გაწერილი;
- ეძებ მაქსიმალურ კომფორტს ერთიან, დაცულ სივრცეში.
აირჩიე კვიპროსი, თუ:
- გსურს ზღვაზე დასვენებასთან ერთად ახალი ქალაქებიც მოინახულო;
- გიყვარს ენერგიული, მრავალფეროვანი და ხმაურიანი ღამის ცხოვრება;
- სამოგზაუროდ მეგობრებთან ერთად მიემგზავრები;
- გიზიდავს უფრო მეტად თავისუფალი გარემო;
- არ გეზარება და სიამოვნებას განიჭებს მოგზაურობის მარშრუტების დამოუკიდებლად დაგეგმვა;
- გიყვარს დინამიკური შვებულება, მოძრაობა და ლოკაციების ყოველდღიური ცვლა.

