”ძალიან ბევრი ადამიანი გამოგვეხმაურა და ახლა ვიწყებთ ახალი პოლიტიკური მოძრაობის ფორმირებას” – ამის შესახებ ”ნაციონალური მოძრაობის” ყოფილმა წევრმა გიორგი ვაშაძემ განაცხადა, რომელიც დღეს ახალი პოლიტიკური მოძრაობის შექმნასთან დაკავშირებით თანამოაზრეებს შეხვდა.
”ძალიან ბევრი ადამიანი გამოგვეხმაურა და ახლა ვიწყებთ ახალი პოლიტიკური მოძრაობის ფორმირებას. ყველას შეუძლია შემოგვიერთდეს. მთავარი პრინციპი არის, რომ ჩვენ გვჭირდება სრულიად განახლება, ახალი თაობა პოლიტიკაში. ახალი თაობა პოლიტიკაში ნიშნავს ყველა თაობის ადამიანს, ოღონდ ახალს”, – განაცხადა ვაშაძემ.
დეპუტატი თქმით, ახალ მოძრაობაში ბევრი ახალგაზრდა ჩაერთო ”ნაციონალური მოძრაობიდან”.
”ჩვენ ახლა ვაყალიბებთ ახალ პოლიტიკურ მოძრაობას. დღეს ჩვენს განრიგში არ შედის სხვა პოლიტიკურ მოძრაობებთან მოლაპარაკებების წარმოება. ჯერ ჩვენ ჩამოვყალიბდეთ როგორც პოლიტიკური მოძრაობა და მომავალი ყველაფერს გვიჩვენებს. ჩემი აზრით, ალბათ, დამოუკიდებლად მივიღებთ არჩევნებში მონაწილეობას. ალბათ იმიტომ, რომ ეს ჩემი გადასაწყვეტი არ არის, ეს არის იმ დამფუძნებლების გადასაწყვეტი, ვისთანაც ამ ახალ პოლიტიკურ მოძრაობას ჩამოვაყალიბებთ”, – განაცხადა გიორგი ვაშაძემ.
შეგახსენებთ, რომ რამდენიმე დღის წინ გიორგი ვაშაძემ „ნაციონალური მოძრაობა“ დატოვა. მან განაცხადა, რომ ახალი პოლიტიკური ძალის შექმნას აპირებს.