125%-იანი მოგება: „არ წამოეგოთ Express bank -ის, იგივე “საქართველოს ბანკის” მიერ შემოთავაზებულ წინადადებას“
„დემოკრატიული მოძრაობის“ წევრი დიმიტრი ლორთქიფანიძე საზოგადოებას თხოვს „საქართველოს ბანკის“ შეთავაზებას კრედიტის გაცემის შესახებ, არ წამოეგოს.
მისი განმარტებით, საქართველოს ბანკის პირობებით, მომხმარებელს საბოლოოდ 125%-ით მეტის გადახდა უწევს.
„მეგობრებო, თხოვთ გაფრთხილდეთ და არ წამოეგოთ Express bank -ის (იგივე “საქართველოს ბანკის”) მიერ შემოთავაზებულ წინადადებას 800 ლარიანი კრედიტის დამტკიცების თაობაზე, რასაც, ალბათ, მრავალი თქვენგანი მიიღებდა მობილურებში შეტყობინების სახით.
საქმე იმაშია, რომ გთავაზობენ 800 ლარს 12 თვის ვადით , თუმცა, პირობას გაცნობენ კრედიტის აქტივაციის შემდგომ, როცა უკვე ყველაფერი გვიანია, კერძოდ, თქვენ დგებით იმ ფაქტის წინაშე, რომ – 39 ლარი გატანის საკომისიო გეჭრებათ; 1 წლის განმავლობაში – ორ კვირაში ერთხელ უნდა იხადოთ 40 ლარი ანუ თვეში 80 ლარი რაც არ აკლდება ძირს(!) ხელშეკრულების ვადის გასვლისთანავე აბრუნებთ 800 ლარს, წინააღმდეგ შემთხვევაში გერთვებათ საჯარიმო სანქციები.
12 თვეში მომხმარებელი იხდის 1800 ლარს, რაც ნიშნავს რომ პროდუქტი ძვირდება 125% ით!“ -წერს ლორთქიფანიძე.
„მეტრონომი“ შეეცადა „საქართველოს ბანკის“ პრესცენტრს დაკავშირებოდა, რომ მათი პოზიციაც გაგვეშუქებინა, თუმცა თემის გაცნობის შემდეგ, როგორც ბანკში გვთხრეს, შესაბამის განყოფილებაში დაკავშირება ვერ ხერხდება, რადგან იქ არავინ პასუხობს…