მწერალი კოტე კირვალიძე ნარკოლოგიურ შემოწმებაზე უარის თქმის გამო, პოლიციაში სცემეს. კირვალიძის თქმით, ის და მისი მეუღლე, მეგობრებთან ერთად სეირნობდნენ ქუჩაში, როცა მათთან სამოქალაქო ფორმაში ჩაცმული რამდენიმე ადამიანი პოლიციის მანქანით მივიდა და მოსთხოვა ყველანი განყოფილებაში წაყოლოდნენ. მან უარი განაცხადა შარდის ანალიზის ჩაბარებაზე, რის შემდეგაც პოლიციაში სცემეს.
“ნარკოლოგიურის ტუალეტში იძულებით შეყვანის შემდეგ, როდესაც პირველად მცემეს, მივხდი რომ უფლებებზე საუბარს აზრი არ ჰქონდა და განვუცხადე, რომ ვერ ვახერხებდი ფიზიკურდ მოშარდვას, ცუდად ვიყავი და არ მინდოდა, არ მეფსებოდა (უკაცრავად ამ სიტყვაზე). მაიძულეს წყლის დალევა, თან მცემდნენ, მირტყამდნენ ძირითადად თავში. რამდენჯერმე ჩავიკეცე. დამამცირებელი მოპყრობა იყო ჩემი მეუღლის მიმართაც და ირონიული შეძახილები. ზოგდად, უკვე დამამცირებელი მოპყრობაა, როცა ადამიანი გადაგყავს იძულებით და აიძულებ მოშარდოს. ყოველგვარ ზღვარს გადავიდნენ, თორემ წარსულშიც არაერთხელ გადავუყვანივარ ანალოგიურ შემოწმებაზე, მაგრამ ამხელა ამბავი არ მოჰყოლია”. – ამბობს კირვალიძე.
“მეტრონომს” შსს-ში განუცხადეს, რომ კირვალიძე არავის უცემია და ის ადმინისტრაციული წესით დააჯარიმეს.
“არ ვადასტურებთ იმას, რომ პოლიციელებმა ის სცემეს. ნარკოლოგიური შემოწმების შედეგად მათ დაუდგინდათ მოხმარების ფაქტი და ადამინისტრაციულად დაჯარიმდნენ”. – განაცხადა შსს-ს საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტის თანამშრომელმა.