უკრაინულმა უპილოტო საფრენმა აპარატებმა ტამბოვის ოლქის ქალაქ კოტოვსკზე იერიში მიიტანეს. ინფორმაციას ამის შესახებ რუსული მედია ავრცელებს.
რეგიონის გუბერნატორის, ევგენი პერვიშოვის განცხადებით, ლოგისტიკურ ცენტრ Wildberries-ზე დრონების მოხვედრის შედეგად ღამის ცვლის შვიდი თანამშრომელი დაიღუპა, ხოლო 24 ადამიანი დაშავდა. გუბერნატორის განცხადებით, საწყობის ტერიტორიაზე ღია ცეცხლი ლიკვიდირებულია, თუმცა ხანძრის სალიკვიდაციო სამუშაოები კვლავ გრძელდება.
Wildberries-ის პრესსამსახურის ინფორმაციით, ღამით დრონებით თავდასხმა კოტოვსკსა და მოსკოვის ოლქის ქალაქ ელექტროსტალში მდებარე კომპანიის ლოგისტიკურ ცენტრებზე განხორციელდა. კომპანიის ცნობით, ელექტროსტალში მდებარე საწყობში დაღუპულებისა და დაშავებულების შესახებ ინფორმაცია არ გავრცელებულა.
მოსკოვის ოლქზე დრონებით თავდასხმა რეგიონის გუბერნატორმა, ანდრეი ვორობიოვმაც დაადასტურა. მისი განცხადებით, ნოგინსკში ნავთობბაზაზე ხანძარი გაჩნდა. უსაფრთხოების მიზნით, ახლომდებარე სამშობიარო სახლის ევაკუაცია განხორციელდა.
ვორობიოვის ინფორმაციით, მოსკოვის ოლქზე დრონებით თავდასხმის შედეგად სულ 26 ადამიანი დაშავდა. მათგან ორი ნოგინსკში დაშავდა, ხოლო კიდევ 24 ადამიანი ელექტროსტალში, Wildberries-ის ლოგისტიკური ცენტრის ტერიტორიაზე დრონების ჩამოვარდნის შედეგად. გუბერნატორის თქმით, დაშავებულთა ნაწილის მდგომარეობა მძიმეა.

