აშშ-ს თავდაცვის მდივნის მოადგილე მაიკლ კარპენტერი “ამერიკის ხმასთან” ინტერვიუში აცხადებს, რომ საქართველოს პრემიერ-მინისტრსა და თავდაცვის მინისტრსაც ესმით, რომ ვარშავის სამიტზე საქართველო გაწევრიანების სამოქმედო გეგმას ვერ მიიღებს.
“ცოტა ხნის წინ ვიცე-პრეზიდენტ ბაიდენისა და პრემიერ-მინისტრ კვირიკაშვილის შესანიშნავ შეხვედრას დავესწარი, სადაც ამ საკითხზეც ისაუბრეს. როგორც მოგახსენეთ, ეჭვგარეშეა, რომ ჩვენ საქართველოს ევრო-ატლანტიკურ მისწრაფებებს, მათ შორის, საქართველოს ნატოში გაწევრიანებას დავუჭერთ მხარს. ჩვენი შეფასებით, ყოველწლიური სამოქმედო პროგრამისა და თავდაცვის სხვადასხვა პროგრამების სახით, საქართველოს ალიანსში ინტეგრაციისათვის ყველა მექანიზმი ხელთ აქვს. ვფიქრობ, პრემიერ-მინისტრსა და თავდაცვის მინისტრსაც ესმით, რომ ვარშავის სამიტზე საქართველო გაწევრიანების სამოქმედო გეგმას ვერ მიიღებს, მაგრამ როგორც ვთქვი, საქართველოს ყველა მექანიზმი გააჩნია, რათა ინტეგრაციის პროცესი გააგრძელოს”. – ამბობს კარპენტერი.
კარპენტერი საქართველო-ნატოს თანამშრომლობასაც აფასებს და ამბობს, რომ საერთაშორისო მისიებში მონაწილეობით საქართველო ალიანსის მნიშვნელოვანი პარტნიორია. თავდაცვის მდივნის მოადგილე მიიჩნევს, რომ ყოველწლიური სამოქმედო პროგრამისა და თავდაცვის სხვადასხვა პროგრამების სახით, საქართველოს ალიანსში ინტეგრაციისათვის ყველა მექანიზმი ხელთ აქვს.
“სამხედრო ურთიერთობები შესანიშნავ დონეზეა. ზემოთ უკვე აღვნიშნე, თუ რას ვაფასებთ ამ ურთიერთობებში – ჯარისკაცების შთამბეჭდავ რიცხვს, რომელიც საქართველომ ავღანეთში გაგზავნა. ისინი საუკეთესო ჯარისკაცები არიან. საქართველომ 30 მეომარი დაკარგა და დაახლოებით 300 დაუშავდა. საქართველო თავს არ ზოგავს. ჩვენ ყოველ წუთს მადლიერნი ვართ მისი. ქართველი ჯარისკაცები უოლტერ რიდის სამხედრო ჰოსპიტალშიც მკურნალობენ. ამგვარად, საქართველოს მიერ გაღებული მსხვერპლის უშუალო თვითმხილველნი ვართ. ვფიქრობ, საქართველოსთან ერთად უფრო მეტის გაკეთება შეგვიძლია. ვმსჯელობთ, თუ რა ერთობლივი წვრთნები დავუმატოთ უკვე არსებულ ფორმატებს, რომელთა მიზანი ავღანეთის მსგავსი საექსპედიციო მისიებისთვის საქართველოს შეიარაღებული ძალების მომზადებაა. აგრეთვე ვფიქრობთ, რა დამატებითი საშუალებები არსებობს, რათა საქართველოს თავდაცვის შესაძლებლობების განვითარებაში დავეხმაროთ”. – აცხადებს კარპენტერი.