ჩვენ კარგი მაგალითი ვართ იმისა, როგორ ხდება, განსაკუთრებით უცხოური დაფინანსებით, რადიკალური ძალების წახალისება სახელმწიფო ინსტიტუტების წინააღმდეგ, დემოკრატიული ინსტიტუტების წინააღმდეგ, – ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, მაკა ბოჭორიშვილმა ვაშინგტონში განაცხადა.
როგორც საქართველოს საგარეო უწყების ხელმძღვანელმა აღნიშნა, პოლიტიკური ტერორიზმის დღის წესრიგში დაყენება ძალიან მნიშვნელოვანი ინიციატივაა აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მხრიდან.
„კონფერენცია, რომელიც ორგანიზებული იყო ვაშინგტონში, არის მნიშვნელოვანი. ეს იყო კარგი შესაძლებლობა ჩვენთვის, მონაწილეობა მიმეღო და გვესაუბრა იმ გამოწვევების შესახებ, რომელთა წინაშეც ჩვენი ქვეყანა დადგა ბოლო პერიოდის განმავლობაში.
ჩვენ კარგი მაგალითი ვართ იმისა, როგორ ხდება, განსაკუთრებით უცხოური დაფინანსებით რადიკალური ძალების წახალისება სახელმწიფო ინსტიტუტების წინააღმდეგ, დემოკრატიული ინსტიტუტების წინააღმდეგ და სწორედ ეს საკითხებია მნიშვნელოვანი, რაც უნდა აღელვებდეს საერთაშორისო საზოგადოებას“, – განაცხადა მაკა ბოჭორიშვილმა.
მისივე თქმით, საინტერესო დისკუსია შედგა კოლეგა მინისტრებს შორის, სადაც მნიშვნელოვან საკითხებზე იყო გამახვილებული ყურადღება.
„რა თქმა უნდა, სხვადასხვა იდეოლოგიური მიმართულებები, როდესაც ტერორიზმზე ვსაუბრობთ, ექსტრემიზმზე ვსაუბრობთ, მნიშვნელოვანია და სწორედ ამ კუთხით ამ მინისტერიალში ჩვენი მონაწილეობა იყო ძალიან კარგი შესაძლებლობა საქართველოსთვის, კიდევ ერთხელ ყურადღება გაგვემახვილებინა სწორედ ჩვენ წინაშე მდგომ გამოწვევებზე, რადიკალიზმის პრობლემაზე და პოლიტიკური ტერორიზმის იმ გამოხატულებაზე, რაც საქართველოში ვიხილეთ ბოლო წლებში“, – განაცხადა მაკა ბოჭორიშვილმა.
საქართველოს ვიცე-პრემიერმა, საგარეო საქმეთა მინისტრმა, მაკა ბოჭორიშვილმა ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივნის, მარკო რუბიოს მიწვევით, ვაშინგტონში გამართულ „პოლიტიკური ტერორიზმის ხელახალი გააქტიურების შესახებ“ მინისტერიალში მიიღო მონაწილეობა, სადაც დამსწრე საზოგადოებას სიტყვით მიმართა.

