მოსკოვი უკრაინასთან დაკავშირებით მოლაპარაკებების სწრაფი განახლების პერსპექტივას ჯერ ვერ ხედავს. ამის შესახებ კრემლის პრესმდივანმა, დიმიტრი პესკოვმა განაცხადა.
„მოლაპარაკებების პროცესის განახლების უახლოესი პერსპექტივა არ არსებობს და ჩვენ ვერც ვხედავთ“, – განაცხადა პესკოვმა.
ამის მიუხედავად, კრემლის პრესმდივანი აცხადებს, რომ რუსეთი მოლაპარაკებებისთვის მზაობას ინარჩუნებს.
პესკოვი, ასევე, გამოეხმაურა უკრაინის მინისტრთა კაბინეტში ცვლილებებს.
„ჩვენ, რა თქმა უნდა, ვაკვირდებით ყველა სიახლეს, რომელიც დაკავშირებულია კიევის რეჟიმთან, განსაკუთრებით მიმდინარე სპეციალური სამხედრო ოპერაციის პირობებში. მიმდინარეობს გარკვეული ცვლილებები კიევის რეჟიმის სტრუქტურაში, თუმცა ჩვენთვის ამ ცვლილებებს პრინციპული მნიშვნელობა არ აქვს. ჩვენთვის მნიშვნელოვანია ვითარების დარეგულირება და საკუთარი ინტერესების უზრუნველყოფა. საერთოდ არ აქვს მნიშვნელობა, ვინ არის თავდაცვის მინისტრი. ჩვენთვის მთავარია, რომ კიევის რეჟიმში იყოს ადამიანი, რომელიც საკუთარ თავზე აიღებს პასუხისმგებლობას და მიიღებს პასუხისმგებლიან გადაწყვეტილებას, რომელიც საშუალებას მისცემს მხარეებს, მშვიდობიან დარეგულირებამდე მივიდნენ ან დაასრულონ სპეციალური სამხედრო ოპერაცია. კიევში კარგად იციან, რა გადაწყვეტილებების მიღებაა საჭირო. ჩვენთვის მნიშვნელოვანია, იქ გამოჩნდნენ ისეთი ადამიანები, რომლებიც ამ გადაწყვეტილებებს მიიღებენ“, – აღნიშნა დიმიტრი პესკოვმა.

