15 ივლისიდან შანხაი-თბილისის მიმართულებით, პირდაპირი ფრენები იწყება – საბოლოო გადაწყვეტილება საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრისა და ჩინური ავიაკომპანია – “China Eastern Airlines-ის” ხელმძღვანელების შეხვედრაზე მიიღეს, რომელიც ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში მარიამ ქვრივიშვილის ვიზიტის ფარგლებში აპრილში გაიმართა.
“China Eastern Airlines” რეგულარულ ავიარეისებს შანხაი-თბილისი-შანხაის საჰაერო ხაზზე კვირაში სამჯერ შეასრულებს. ჩინეთის მთავარ საფინანსო ცენტრთან საქართველოს პირდაპირი საჰაერო მიმოსვლის დაწყება ხელს შეუწყობს ორი ქვეყნის ბიზნეს და ეკონომიკური კავშირების კიდევ უფრო მეტად განვითარებას.
“ჩინეთსა და საქართველოს შორის პირდაპირი ავიარეისების დაწყება ორივე ქვეყნისთვის მნიშვნელოვანი ისტორიული ეტაპია. ეს არის პირველი რეგულარული, უწყვეტი სამგზავრო ავიარეისი ჩინეთსა და საქართველოს შორის. აღნიშნული რეისი კიდევ უფრო აახლოებს ჩინეთსა და საქართველოს და ქმნის უფრო მოსახერხებელ და ეფექტიან ხიდს ბიზნესის, ტურიზმისა და ხალხთაშორისი ურთიერთობების განვითარებისთვის.
როგორც “ერთი სარტყელი – ერთი გზის” ინიციატივის მნიშვნელოვანი პარტნიორი, საქართველო ევროპასა და აზიას შორის მნიშვნელოვან დამაკავშირებელ კარიბჭეს წარმოადგენს. ახალი ავიამიმოსვლა კიდევ უფრო აძლიერებს ორ ქვეყანას შორის კავშირს, რადგან ბიზნესმოგზაურობას უფრო ეფექტიანს ხდის, ხელს უწყობს ვაჭრობისა და ინვესტიციების ზრდას, აუმჯობესებს საჰაერო ლოგისტიკურ კავშირებს და ქმნის უფრო მყარ საფუძველს ტრანსსასაზღვრო ვაჭრობისა და მიწოდების ჯაჭვების თანამშრომლობისთვის. “China Eastern-ისთვის” დიდი პატივია, იყოს საჰაერო ხიდი ჩინეთსა და საქართველოს შორის. გვჯერა, რომ ეს ახალი მიმართულება მნიშვნელოვან წვლილს შეიტანს ჩინეთსა და საქართველოს შორის სტრატეგიული პარტნიორობის გრძელვადიან განვითარებაში,” – განაცხადა “China Eastern Airlines”-ის მარკეტინგისა და გაყიდვების გენერალური მენეჯერის მოადგილემ, იანგ ჩუნფეიმ.
პირდაპირი საჰაერო მიმოსვლის დაწყებას, დადებითად აფასებენ ტურისტებიც.
“მე ჩინეთიდან ვარ და ავიაციის დიდი მოყვარული ვარ. თვითმფრინავები ბავშვობიდან ძალიან მაინტერესებს. როცა გავიგე, რომ ეს იყო პირველი პირდაპირი რეისი შანხაიდან თბილისისკენ, გადავწყვიტე ამ განსაკუთრებული ისტორიული მომენტის ნაწილი გავმხდარიყავი. ამ მოგზაურობით მინდა არა მხოლოდ ავიაციის სამყაროში ახალი გამოცდილება მივიღო, არამედ გავიცნო საქართველო – მისი უძველესი კულტურა, ულამაზესი ბუნება და სტუმართმოყვარე ხალხი,” – აღნიშნა ერთ-ერთმა ტურისტმა.

