ძალიან ცუდია, როდესაც ეუთო გაურბის პასუხისმგებლობას. საპარლამენტო ასამბლეების პოლიტიკურ იარაღად გამოყენებაზე სწორედ ასეთმა თვალის დახუჭვამ მიგვიყვანა იქამდე, რომ საერთაშორისო ორგანიზაციები და საბოლოო ჯამში, წესებზე დაფუძნებული საერთაშორისო წესრიგი არის მორღვეული, – ამის შესახებ შალვა პაპუაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა.
პაპუაშვილის თქმით, საქართველოსთან დაკავშირებით მიღებული რეზოლუციით ეუთო-მ დარტყმა მიაყენა ქართველი ხალხის თვალში საკუთარ რეპუტაციას.
„ასევე ხუჭავდნენ თვალს უსამართლო დამოკიდებულებებზე, საერთაშორისო ორგანიზაციების პოლიტიკურ იარაღად გამოყენებაზე და მივედით, სადაც ვართ დღეს – დღეს ომები ისე იწყება, არავინ არ ეკითხება არც რომელიმე ორგანიზაციას, არც საერთაშორისო სამართალს ეფუძნება ზოგადად სამყაროში მიმდინარე მოვლენები. ამიტომ, უპირველეს ყოვლისა, ეს არის უდიდესი უპასუხისმგებლობა. კიდევ ერთხელ, ამ რეზოლუციით და ამ რეზოლუციაზე რეაქციით ეუთო-მ დარტყმა მიაყენა საკუთარ რეპუტაციას ქართველი ხალხის თვალში. ეუთო-ს ბევრი აქვს გასაკეთებელი, რათა აღიდგინოს ეს რეპუტაცია ქართველი ხალხის თვალში.
ზოგადად, რეზოლუცია კარგი მაგალითია, რას ნიშნავს საერთაშორისო ორგანიზაციების პოლიტიკურ იარაღად ქცევა. ამიტომაც არის რომ დღეს, ფაქტობრივად, საერთაშორისო ორგანიზაციას, ყველას დაკარგული აქვს თავისი ფუნქცია, არიან დანამატები, სადაც ხდება სხვადასხვა ჯგუფის მხრიდან პოლიტიკური ბოღმის ამონთხევა და საკუთარი შიდაპოლიტიკური დისკურსის თავსმოხვევა“, – აღნიშნა შალვა პაპუაშვილმა.
რაც შეეხება თავად რეზოლუციას, პაპუაშვილის შეფასებით, რეზოლუციით ეუთო-მ გააყალბა თავისივე დასკვნა.
„ერთი წერია საარჩევნო დასკვნაში, მეორე წერია რეზოლუციაში. ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის ამ დასკვნით კიდევ ერთხელ აღმოჩნდა, რომ ჯო უილსონის, ერთი ჩვეულებრივი ლობისტის დონეზე არის დასული ამხელა საპარლამენტო ასამბლეა. ასე რომ, ეს არის ღირებულებებს აცდენილი რეზოლუცია, რომელმაც ძირი გამოუთხარა ქართველი ხალხის თვალში ეუთო-ს მიმართ ნდობას“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.
შალვა პაპუაშვილის განმარტებით, საქართველოს ხელისუფლება ღიაა ყველას მიმართ თანამშრომლობისთვის, თუმცა ეუთო-მ უნდა იზრუნოს საკუთარი რეპუტაციის გამოსწორებაზე.
„ჩვენ ყველას მიმართ გვაქვს ეს დამოკიდებულება, რომ ღია ვართ თანამშრომლობისთვის, მაგრამ როდესაც ერთი მხრივ, საკუთარ თავს აზიანებენ, აქ ჩვენ უძლური ვართ, ქართველ ხალხს თავად აჩვენებენ, რომ არიან ქართველი ხალხის მიმართ მტრული და არამეგობრული განწყობების მქონე ჯგუფების გავლენის ქვეშ, აქ ჩვენ მათ ვერაფერს ვუშველით. ეუთო-მ, უპირველეს ყოვლისა, თავად უნდა იზრუნოს საკუთარი რეპუტაციის გამოსწორებაზე. რამდენადაც გამოასწორებს რეპუტაციას, იმდენად იქნება მჭიდრო თანამშრომლობა, დაიზიანებს რეპუტაციას, ჩვენი რა ინტერესი არის, რომ გვქონდეს მჭიდრო და განსაკუთრებული ურთიერთობა იმ ხალხთან და იმ ჯგუფებთან, რომლებსაც აქვთ ერთადერთი მიზანი, როგორმე, ყველანაირი მანქანებით დააზიანონ ჩვენი ხალხი“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

