აქტუალური თემა ახალი ამბები მთავარი მსოფლიო პოლიტიკა

ევროკავშირმა უკრაინელი ტყვეების წამებაში მონაწილე 15 პირი დაასანქცირა

ევროპის კავშირის საბჭომ 13 ივლისს სანქციები დაუწესა 15 ინდივიდსა და კიდევ ერთ სუბიექტს, რომლებიც პასუხისმგებელნი არიან უკრაინელი სამხედრო ტყვეებისა და დაკავებული სამოქალაქო პირების წინააღმდეგ ადამიანის უფლებათა სერიოზულ დარღვევებზე, მათ შორის წამებასა და სექსუალურ ძალადობაზე.

გავრცელებული პრესრელიზის მიხედვით, სანქციები ევროკავშირის ადამიანის უფლებათა გლობალური სანქციების რეჟიმის ფარგლებში წესდება რუსეთის რვა მოქალაქისა და ერთი სუბიექტის წინააღმდეგ.

მიზეზი ოკუპირებულ უკრაინულ ტერიტორიებზე უკრაინელი სამხედრო ტყვეებისა და დაკავებული სამოქალაქო პირების წამება და მათდამი სხვა სახის სასტიკი, არაადამიანური და დამამცირებელი მოპყრობაა. 

სანქცირებულთა შორისაა დონეცკის ოლქში მდებარე ოლენივკის ციხის უფროსის პირველი მოადგილე, დმიტრი ნეელოვი, რომელიც “მონაწილეობას იღებდა უკრაინელი სამხედრო ტყვეებისა და მოქალაქეების წამებაში, ცემასა და დამცირებაში.”

“ის პირდაპირაა პასუხისმგებელი 2022 წლის 28-29 ივლისს, რუსეთის თავდასხმის შემდეგ, ოლენივკაში უკრაინელი პატიმრების მასობრივ მკვლელობებზე, დაჭრილების ევაკუაციის მიზანმიმართულად შეფერხებით.” – ვკითხულობთ განცხადებაში, რომლის მიხედვითაც, სანქციები ვრცელდება ციხის სხვა მაღალი რანგის ოფიცრებსა და თანამშრომლებზეც, რომლებიც უკრაინელ პატიმრებს დამამცირებლად ეპყრობოდნენ. 

ასევე სანქცირებულია რუსეთის დასახლება პაკინოს მე-7 სასჯელაღსრულების კოლონიის დაცვის უფროსი, ალექსეი ხავეცკიც, რომელიც უკრაინელი სამხედრო ტყვეების წინააღმდეგ სისტემატური არასათანადო მოპყრობის ორკესტრირებაზეა პასუხისმგებელი.

“კოლონიის თანამშრომლების გასართობად მისი ზედამხედველობის ქვეშ პატიმრების წინააღმდეგ იყენებდნენ ელექტროშოკს, განზრახ შიმშილსა, სექსუალურ ძალადობასა და უკიდურეს დამცირებას.” – წერია პრესრელიზში.

ევროპის კავშირის საბჭო ასევე ასანქცირებს რუსეთის ფედერალური უსაფრთხოების სამსახურის (FSB) ოფიცერს, იან ზავენსკის, რომელიც უკრაინის დროებით ოკუპირებულ ტერიტორიებზე, მათ შორის, ხერსონში, მიკოლაივსა და ზაპორჟიეში, მოქალაქეების უკანონო დაკავებასა და წამებაში – ცემაში, გაგუდვასა და სექსუალურ ძალადობაში – მონაწილეობდა.

ხოლო სუბიექტი, რომელიც საბჭომ დაასანქცირა, წინასწარი დაკავების ცენტრი -2 ტაგანროგია (SIZO 2), სადაც უკრაინელ სამხედრო ტყვეებსა და მოქალაქეებს ამყოფებდნენ, მათ შორის, ჟურნალისტებსა და ქალებსაც. აღნიშნულ დაწესებულებაში დატყვევებული უკრაინელების წინააღმდეგ იყენებდნენ სისტემურ წამებასაც, რასაც ჟურნალისტი ვიქტორია როშჩინას შემთხვევაში სიკვდილიც მოჰყვა. სიკვდილამდე როშჩინა დაწესებულებაში ერთი წლის განმავლობაში იმყოფებოდა ტყვეობაში და მის ცხედარზე წამების არაერთი კვალი შეინიშნებოდა. 

ამას გარდა, ევროპის კავშირის საბჭომ ცალკე სანქციების რეჟიმის ფარგლებში სანქცირებულთა სიაში შეიყვანა კიდევ შვიდი პირი რუსეთში ადამიანის უფლებების დარღვევებისთვის. 

“ევროკავშირი უმკაცრესად გმობს უკრაინელი სამხედრო ტყვეებისა და დაკავებული მოქალაქეების წამებას, მათ მიმართ არასათანადო მოპყრობასა და მათ მკვლელობას; მოითხოვს, რომ დამოუკიდებელ მონიტორებს, მათ შორის წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტს, ყველა დაკავებულზე შეუფერხებელი წვდომა მიეცეთ; და კვლავ ხაზს უსვამს საერთაშორისო ჰუმანიტარული სამართლის სერიოზულ დარღვევებზე პასუხისმგებელი პირების პასუხისგებაში მიცემის აუცილებლობას.” – აცხადებს ევროპის კავშირის საბჭო.

იტვირთბა....