ახალი ამბები ბლოგები მთავარი პოლიტიკა საზოგადოება

ვანო ჩხარტიშვილის ფაქტორი: ვინ შეიძლება გაუმაგროს ზურგი ვაშაძის ახალ პოლიტიკურ ფანტაზიებს

 

გიორგი ვაშაძე, რომელსაც „ნაციონალური მოძრაობის“ ნათელ წერტილად თვლიდა ბევრი ოპონენტიც კი, პარტია დატოვა და ახალი პოლიტიკური გუნდის შექმნის შესახებ განცხადება გააკეთა. მისი წასვლის მიზეზებზე საუბარი, რომ ის ათეულში ვერ მოხვდა,  ან იგი ივანიშვილის აგენტმა, ვინმე მამაცაშვილმა გადაიბირა, შორს წაგვიყვანს. მოდით მივყვეთ პრაგმატულად, რა შეიძლება ყოფილიყო მისი წასვლის მიზეზი? ბოკერია-ბაქრაძე-მაჭავარიანის „კაბინეტური მმართველობის“ და შევარდნაძის კადრების თემა კარგად შეფუთულ მიზეზს ჰგავს მოსახლეობის თვალში პოლიტიკური შარმის ასამაღლებლად. ვაშაძემ ისიც კარგად იცოდა, რომ „ნაციონალური მოძრაობიდან“ ის და მისი რამდენიმე მეგობარი, წაგებული არჩევნების შემდეგაც კი, შედარებით პოზიტიურ სახეებად აღიქმებოდნენ.

როგორც ჩანს, ვაშაძეს პოლიტიკური პულსის შეგრძნების უნარი კარგად აქვს განვითარებული და მიხვდა, როდის იყო საჭირო გაცვეთილი ნავიდან ჯერ ნაპირზე გადაჯდომა და შემდეგში ახალი ნავის ძებნის პროცესის დაწყება. სანამ ახალი ნავის შესახებ ვიტყვი, მინდა აქვე განვმარტო იმ მოსაზრებების შესახებ, რომელიც მედიაში ვრცელდება.

ვაშაძის წასვლის შემდეგ, ხშირია საუბრები, რომ თითქოს „ნაცმოძრაობის“, ჩემი აზრით, საკმაოდ საჭირო ფიგურის ასეთი გადაწყვეტილება, რაღაცით არის დაკავშირებული ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკურ თამაშებთან. პირადად მე ვფიქრობ, რომ ვაშაძის ბოლოდროინდელი პოლიტიკური ნაბიჯები, კომენტარები და ზოგადად მსოფლმხედველობა, ვერანაირ ლოგიკურ ჯაჭვს ვერ ქმნის ივანიშვილის საჭადრაკო დაფაზე. უფრო მეტიც, „ნაცმოძრაობაში“ საკმაოდ მრავლად არიან ისეთი პერსონები, რომლებიც 30 ვერცხლის სანაცვლოდ იოლად, უკანმოუხედავად მოახერხებდნენ მსგავს სარფიან წინადადებაზე დაყოლიებას. არც ივანიშვილია ისეთი მძლავრი, პოლიტიკური გათვლებით დაჯილდოებული პერსონა, რომ პოლიტიკური ფიგურების განლაგებისას აქცენტი პირდაპირ ასეთ ძლიერ ფიგურაზე გაეკეთებინა და მარტივად მოეკლა ის.

თუკი ივანიშვილს გადაწყვეტილი აქვს „ნაცმოძრაობის“ დაშლა და პარტიის შიგნით შიდაარეულობების შეტანა, ამის გაკეთებას ის პაიკებითაც იოლად დაიწყებდა. თუმცა, მე შორს ვარ იმ აზრისგან, რომ ივანიშვილს ეს დღეს აუცილებლად სჭირდება. ვფიქრობ, მას ჯერ უფრო სხვა პრობლემები აქვს მოსაგვარებელი და არჩევნებამდე საკმაოდ დიდი დრო აქვს, ისედაც ბზარგაჩენილ პოლიტიკურ ჯგუფში რაიმე, მისთვის სასარგებლო ცვლილებები შეიტანოს.

და მაინც, რა არის ვაშაძის წასვლის რეალური მიზეზი? სად არის და ვინ არის იმ ახალი ნავის დამფინანსებელი, რომელშიც ხვალ ის აპირებს გადაჯდომას? რისი და ვისი იმედით გადადგა ასეთი ნაბიჯი „ნაცმოძრაობის“ ახალგაზრდა სახემ? ჰგავდა კი ეს ვაბანკს, გაკეთებულიყო არჩევანი პოლიტიკურ კეთილდღეობასა და პოლიტიკურ სუიციდს შორის, თუ რეალურად არსებობს მყარი ზურგი, რომელიც მისცემს ძალას გიორგი ვაშაძეს ფერადი სათვალეებიდან გაჰხედოს მის მომავალ პოლიტიკურ ჰორიზონტს?

ჩემი ჟურნალისტური ლოგიკით და ვარაუდით, თუკი ივანიშვილის ფიგურას გამოვრიცხავთ, დღეს, ყველაზე ახლოს ვაშაძის ზურგთან ვანო ჩხარტიშვილის ფიგურა უნდა იდგეს. შესაძლოა ბევრმა არც იცის, რომ  ის უახლოესი ქართული პოლიტიკური ისტორიის ერთი-ერთი მძლავრი პერსონაჟის, ივანე ჩხარტიშვილის სიძეა. ვანო ჩხარტიშვილის დის შვილი გიორგი ვაშაძის მეუღლეა. თავის მხრივ, ჩხარტიშვილის ფინანსურ შესაძლებლობებზე საუბარი საკმაოდ შორს წაგვიყვანდა. ეს ყველამ იცის…

ცხადია, რომ ახალი პოლიტიკური გუნდის შექმნა საკმაოდ დიდ ხარჯებთან არის დაკავშირებული. მითუმეტეს, თუკი ვაშაძე ფსონს მიმდინარე წლის ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებზე გააკეთებს, ფინანსური ტვირთის არსებობის შემთხვევაში, ეს ერთი-ორად გაზრდიდა მარცხის შანსს. მარცხის, არა მხოლოდ ამ არჩევნებში, არამედ შესაძლოა, უახლოეს მომავალშიც კი.

რა თქმა უნდა, რომ მსგავს შემთხვევებში, ფინანსური რესურსების მობილიზებაზე ფიქრს, უფრო პოლიტიკურ აქცენტებზე ყურადღების გადატანა სჯობს, რაც შედარებით გააიოლებდა დასახულ მიზნამდე მისვლას. თუკი ამ ლოგიკას გავყვებით, ვაშაძე-ჩხარტიშვილის პოლიტიკურ დუეტს ეს წინასწარ უნდა ჰქონოდათ გათვლილი და „ნაცმოძრაობის“ ახალგაზრდა პერსონის დღევანდელი გადაწყვეტილება კარგა ხნის წინ ნაფიქრი და გათვლილი უნდა იყოს.

უბრალოდ, საჭირო იყო საჭირო დრო და მიზეზი, რომელიც რბილად გადაიყვანდა მას ერთი რელსიდან მეორეზე და თანაც ისე, რომ საზოგადოების თვალში პოლიტიკური რეიტინგს კი არ  დააკლდებოდა რამე, არამედ ვინ იცის, იქნებ მომატებოდა კიდეც…

რაც შეეხება ივანიშვილის შესაძლო პოლიტიკურ თამაშებს, თუკი ის მართლაც ასეთი ძლიერია, გამოჩნდება მაშინ, თუკი ხვალ, ვაშაძის ახალი გუნდის ფორმირებისა და პოლიტიკური არსებობის საწყისებში, სადმე ჩხარტიშვილისა და ივანიშვილის ალიანსსაც წავაწყდებით…

გენო ჯოხიძე

იტვირთბა....