აქტუალური თემა ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

“წელს მგზავრთნაკადის რეკორდული ზრდა დაფიქსირდა თბილისის, ბათუმისა და ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტებში, აეროპორტები გასულ წელს ჯამურად 8.5 მილიონ მგზავრს მოემსახურნენ” – ირაკლი კობახიძე

შოთა რუსთაველის სახელობის თბილისის საერთაშორისო აეროპორტის გაფართოებისა და განვითარების პროექტის მნიშვნელობა კიდევ უფრო იზრდება, განსაკუთრებით იმ ფონზე, როდესაც საქართველოს საავიაციო სექტორი სწრაფი ტემპით ვითარდება, – ამის შესახებ ირაკლი კობახიძემ თბილისის საერთაშორისო აეროპორტის გაფართოების პროექტის დაწყების ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

როგორც მან აღნიშნა, ბოლო წლებში რეკორდულად გაიზარდა მგზავრთნაკადი, გაფართოვდა საერთაშორისო მიმართულებები და ქართულ ბაზარზე ოპერირება დაიწყო არაერთმა ახალმა ავიაკომპანიამ.

„წელს მგზავრთნაკადის რეკორდული ზრდა დაფიქსირდა საქართველოს სამივე საერთაშორისო აეროპორტში – თბილისის, ბათუმისა და ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტები გასულ წელს ჯამურად 8.5 მილიონ მგზავრს მოემსახურნენ. მთლიანობაში 2025 წელი იყო რეკორდული ყველა თვალსაზრისით, როგორც მგზავრთნაკადის ზრდის თვალსაზრისით, ასევე ზოგადად ტურიზმის სექტორის განვითარების თვალსაზრისით, გვქონდა რეკორდული შემოსავლები ტურიზმის სექტორში, რაც ბუნებრივია, ავიაციაზეც სათანადოდ აისახა. მიუხედავად იმისა, რომ წელს კრიზისის ფონზე გვქონდა მცირე შენელება პროცესების, ივნისიც იყო რეკორდული ამ თვალსაზრისით. შესაბამისად, ძალიან ოპტიმისტურად ვუყურებთ წლევანდელ წელსაც.

მინდა, მადლობა გადავუხადო ყველა მხარეს, ვინც თბილისის საერთაშორისო აეროპორტის გაფართოების პროექტის განხორციელებაში არის ჩართული. მადლობა ჩვენს საერთაშორისო პარტნიორებს – მადლობა ჩვენს ფრანგ და თურქ პარტნიორებს, მადლობა TAV Airports-სა და უმსხვილეს ფრანგულ საავიაციო ჯგუფს – Groupe ADP-ს, საქართველოს საავიაციო ხელისუფლების წარმომადგენლებს და თითოეულ პროფესიონალს, რომლებიც ყოველდღიურად ემსახურებიან საქართველოს ავიაციის განვითარებას.

მინდა, მადლობა გადავუხადო საქართველოს ეკონომიკისა და განვითარების მინისტრს მარიამ ქვრივიშვილს, რომლის ძალისხმევისა და ეფექტიანი მუშაობის შედეგია ის, რომ თბილისის საერთაშორისო აეროპორტის გაფართოების პროექტი სახელმწიფო ინტერესების მაქსიმალური გათვალისწინების პირობებში ხორციელდება. ყველას წარმატებები მინდა გისურვოთ ამ ძალიან მნიშვნელოვანი პროექტის განხორციელებაში“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

იტვირთბა....