რუმინეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, ოანა სილვია ცოიუს განცხადებით, შავი ზღვის რეგიონში პარტნიორ ქვეყნებთან თანამშრომლობის გაგრძელება რუმინეთისთვის განსაკუთრებულ მნიშვნელობას ატარებს. მისი თქმით, ეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია პორტებისა და შავ ზღვაზე წვდომის თვალსაზრისით.
როგორც მინისტრმა „ევროსკოპთან“ განაცხადა, რუმინეთი მხარს უჭერს საქართველოს მოქალაქეების ევროპულ გზას. ამასთან, მან აღნიშნა, რომ ევროკავშირში გაწევრიანების მსურველ ქვეყანას ძლიერი დემოკრატია უნდა ჰქონდეს და ამ მიმართულებით კონკრეტული ნაბიჯები გადადგას.
“როგორც იცით, საკვანძო ინფრასტრუქტურის თვალსაზრისით, პორტებისა და შავ ზღვაზე წვდომის კუთხით, რუმინეთისთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რომ გავაგრძელოთ ის ურთიერთობა, რომელიც გვაქვს რეგიონის პარტნიორებთან. რა თქმა უნდა, ეს ნიშნავს, რომ ჩვენ ასევე მხარს ვუჭერთ საქართველოს მოქალაქეების ევროპულ გზას და შესაბამისად, ჩვენი გზავნილები მკაფიოა იმ ფაქტებთან დაკავშირებით, რომ ქვეყანას, რომელსაც სურს ევროკავშირში გაწევრიანება, უნდა ჰქონდეს ჯანსაღი დემოკრატია და ნაბიჯები უნდა გადადგას ამ მიმართულებით” – განაცხადა ოანა სილვია ცოიუ.
ბრიუსელში დღეს ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრები შეიკრიბებიან, სადაც ერთ-ერთ მთავარ თემად შავი ზღვის რეგიონის მიმართ ევროკავშირის სტრატეგიული მიდგომის განხორციელება განიხილება.
ევროკავშირის საბჭოს ოფიციალური ინფორმაციით, სტრატეგიის ამოქმედებიდან ერთი წლის შემდეგ მინისტრები შეაფასებენ მიღწეულ შედეგებს და იმსჯელებენ შემდგომ ნაბიჯებზე.

