ახალი ამბები მთავარი საზოგადოება სამართალი

კუს ტბის წილები: უდესიანისა და მუხაძის მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნა დაიწყო

 

საქართველოს მთავარმა პროკურატურამ კუს ტბის წილების იძულებით დათმობის მიზნით, ბიზნესმენ ბესარიონ ხარძიანის წამებისა და ქონების გამოძალვის ფაქტზე, გიორგი უდესიანისა და სასჯელაღსრულების დეპარტამენტის N8 საპყრობილის ყოფილი დირექტორის ალექსანდრე მუხაძის მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნა დაიწყო.

გამოძიებით დადგინდა, რომ 2008 წელს გიორგი უდესიანი და ბესარიონ ხარძიანი შპს „კუს ტბა კალასა“ და შპს „კუს ტბა პალასის“ პარტნიორები გახდნენ. 2011 წელს, გიორგი უდესიანმა ბესარიონ ხარძიანისა და მისი ოჯახის წევრებზე გაფორმებული წილის უკანონოდ დაუფლებისა და ქონებრივი სარგებლის მიღების, ასევე ხსენებული კომპანიებიდან იძულებით გაყვანისა და შესაბამის ქონებებზე სრული კონტროლის მოპოვების მიზნით შეიმუშავა და განახორციელა დანაშაულებრივი გეგმა.

2011 წელს, ნარკოტიკული საშუალების შეძენა-შენახვისთვის დაკავებული ბესარიონ ხარძიანი მოთავსებული იქნა სასჯელაღსრულების დეპარტამენტის N8 საპყრობილეში. გიორგი უდესიანი დანაშაულებრივი გეგმის სისრულეში მოყვანის მიზნით, დაუკავშირდა აღნიშნული საპყრობილის იმჟამინდელ დირექტორს ალექსანდრე მუხაძეს, რომელთანაც გააჩნდა მეგობრული ურთიერთობა და დაავალა პატიმარ ბესარიონ ხარძიანზე ისეთი სახის ზემოქმედება მოეხდინა, რაც ამ უკანასკნელს იძულებულს გახდიდა მისი და ოჯახის წევრების საკუთრებაში არსებული ბიზნეს წილები დაეთმო.

მიღებული დავალების სისრულეში მოყვანის მიზნით, ალექსანდრე მუხაძის მითითებით, პატიმარ ბესარიონ ხარძიანის საკანში მოთავსებული იქნა ადმინისტრაციის ნდობით აღჭურვილი ორი პატიმარი, რომლებსაც უშუალოდ ალექსანდრე მუხაძისგან მიღებული ჰქონდათ დავალება ნებისმიერი მეთოდით იძულებული გაეხადათ ბესარიონ ხარძიანი დაეთმო კომპანიების – „კუს ტბა კალასა“ და „კუს ტბა პალასის“ წილები. აღნიშნული პირები ორი კვირის განმავლობაში ინტენსიურად ახორციელებდნენ ბესარიონ ხარძიანზე ფსიქოლოგიურ და ფიზიკურ ზეწოლას, სცემდნენ და აიძულებდნენ ქონება გიორგი უდესიანის სასარგებლოდ დაეთმო, რასაც ალექსანდრე მუხაძის დავალებით ასევე ხელს უწყობდნენ საპყრობილეს თანამშრომლები.

ადმინისტრაციის ნდობით აღჭურვილი პატიმარი ბესარიონ ხარძიანს სისტემატიურად სთხოვდა ეთამაშა აზარტული თამაში, რაზედაც იგი წინააღმდეგი იყო. საბოლოოდ, რამდენიმე დღიანი ზეწოლის შემდგომ, ბესარიონ ხარძიანი დაიყოლია თამაშზე და მოუგო მას სასჯელაღსრულების დაწესებულებიდან გათავისუფლების შემდგომ რესტორანში დაპატიჟება. მოგვიანებით კი განუცხადა, რომ მათი შეთანხმება გულისხმობდა არა რესტორანში დაპატიჟებას, არამედ რესტორნის, როგორც ობიექტის საკუთრებაში გადაცემას. შემუშავებული გეგმის მიხედვით, მეტი დამაჯერებლობისთვის ბესარიონ ხარძიანისთვის შეთავაზებული იქნა ე.წ. „კანონიერ ქურდებთან“ წერილის გაგზავნა დავის გადასაწყვეტად. აღნიშნული წერილი გადაცემული იქნა ალექსანდრე მუხაძისთვის.

წერილის შედგენიდან რამდენიმე დღეში, ადმინისტრაციის ნდობით აღჭურვილმა პირმა ბესარიონ ხარძიანს გადასცა საპასუხო წერილი, სადაც თითქოსდა ე.წ. „კანონიერი ქურდების“ გადაწყვეტილებით ბესარიონ ხარძიანის მიერ გადასახდელი თანხა შეადგენდა 800 000 აშშ დოლარს. გაუსაძლის მდგომარეობაში მყოფი ბესარიონ ხარძიანი თანახმა იყო გადაეფორმებინა მის საკუთრებაში არსებული რესტორანი, თუმცა ვინაიდან ბესარიონ ხარძიანის წამების მიზანს წარმოადგენდა ბიზნეს წილების დათმობა გიორგი უდესიანის სასარგებლოდ და არა რესტორნის, როგორც ობიექტის გადაცემა, ალექსანდრე მუხაძის დავალების შესაბამისად, ადმინისტრაციის ნდობით აღჭურვილმა პირმა უარი განაცხადა რესტორნის ჩაბარებაზე და მოსთხოვა ბესარიონ ხარძიანს გიორგი უდესიანის სასარგებლოდ წილების გადაფორმება, ასევე განუცხადა, რომ აღნიშნულის შეუსრულებლობის შემთხვევაში მას ემუქრებოდა გაუპატიურება.

საპატიმრო დაწესებულებაში ბესარიონ ხარძიანზე ზემოქმედების პარალელურად, გიორგი უდესიანმა ბესარიონ ხარძიანის ძმაზე, გიორგი ხარძიანზე განახორციელა ფიზიკური და ფსიქოლოგიური ზეწოლა. იგი საკუთარ ოფისში შეხვდა გიორგი ხარძიანს, რომელიც შპს „კუს ტბა კალას“ და შპს „კუს ტბა პალასის“  წილებს ფლობდა. უდესიანმა გიორგი ხარძიანი თანმხლებ პირებთან ერთად სცემა,  რა დროსაც  დაემუქრა, რომ თუ ხარძიანების ოჯახი კუს ტბის წილებს მის სასარგებლოდ არ დათმობდა, თავად შევიდოდა ციხეში და ბესარიონ ხარძიანის გაუპატიურებას დაესწრებოდა, ხოლო გიორგი ხარძიანს ან მოკლავდნენ, ან მასაც  ციხეში შეაგდებდნენ და გააუპატიურებდნენ.

ინტენსიური ფიზიკური და ფსიქოლოგიური ზეწოლის შედეგად, პატიმარი ბესარიონ ხარძიანი და მისი ოჯახის წევრები იძულებული გახდნენ ერთ-ერთი ნათესავის სახელზე გაეცათ მინდობილობები და გიორგი უდესიანისთვის დაეთმოთ კუს ტბის (შპს „კუს ტბა კალა“ და შპს „კუს ტბა პალასი“) წილები. გამოძალული ქონების საერთო ღირებულებამ  შეადგინა 5 მილიონ ლარზე მეტი.

გამოძიება გრძელდება გიორგი უდესიანის მიმართ, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 25,1441 მუხლის მე-2 ნაწილითა და 181-ე მუხლის მე-2 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით,  ხოლო  ალექსანდრე მუხაძის მიმართ – 1441 მუხლის მე-2 ნაწილითა და 333-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ნიშნებით, რაც სასჯელის სახედ და ზომად ცხრიდან თხუთმეტ წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

იტვირთბა....