აქტუალური თემა ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

“საუბარია „ნაციონალურ მოძრაობაში“ თავმჯდომარის პოსტის გაუქმებაზე, სამართლებრივად ეს ვერ მოხდება, არ უნდა მივცეთ რეჟიმს ფორმალური საბაბი, დაიწყოს მოქმედებები პარტიის რეგისტრაციიდან მოხსნაზე” – თინა ბოკუჩავა

მიუხედავად იმისა, რომ დღეს საქართველოში კანონი არ კანონობს და რეპრესიული ინსტრუმენტია, არსებობს კანონი „პოლიტიკური გაერთიანების შესახებ“. ჩვენ არ უნდა მივცეთ რეჟიმს ფორმალური საბაბი, დაიწყონ მოქმედებები პარტიის რეგისტრაციიდან მოხსნის მიმართულებით, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელმა, თინა ბოკუჩავამ განაცხადა.

მისი თქმით, კანონის მიხედვით, აუცილებელია, ნებისმიერი ცვლილებები აკმაყოფილებდეს სამ კრიტერიუმს: პარტიას ჰყავდეს ხელმძღვანელი პირი; პოლიტსაბჭო და ე.წ. სარევიზიო კომისია.

„მე გავაგრძელებ თავმჯდომარის მნიშვნელოვანი მოვალეობის შესრულებას, ვიდრე ახალი პარტიული ყრილობა არ აირჩევს ახალ ხელმძღვანელ პირს. მიუხედავად იმისა, ახლა საუბარია, რომ თავმჯდომარის პოსტი უნდა გაუქმდეს, ფორმალურად, სამართლებრივად ეს ასე ვერ მოხდება. მიუხედავად იმისა, რომ დღეს საქართველოში კანონი არ კანონობს და რეპრესიული ინსტრუმენტია, არსებობს კანონი „პოლიტიკური გაერთიანების შესახებ“. ჩვენ არ უნდა მივცეთ რეჟიმს ფორმალური საბაბი, რომ დაიწყონ მოქმედებები პარტიის რეგისტრაციიდან მოხსნის მიმართულებით.

კითხვაზე, სააკაშვილის განცხადებაში, რომ უნდა შეიქმნას რეფორმატორთა საბჭო თქვენ ამოიკითხეთ, რომ იგეგმება თავმჯდომარის პოსტის გაუქმება, თუ იცით, რომ პარტიას თავმჯდომარე აღარ ეყოლება, თინა ბოკუჩავა პასუხობს, რომ „დიახ, საუბარი იყო იმაზე, რომ არცერთი პოზიცია აღარ უნდა დარჩეს, გარდა პოლიტსაბჭოს თავმჯდომარის პოზიციისა გამომდინარე იქიდან, რომ ლევან ხაბეიშვილი არის ტყვეობაში და მე ამ გადაწყვეტილებას მივესალმები“.

„ლევან ხაბეიშვილმა ბევრი უსამართლობა იწვნია პარტიაში, რაზეც არც მე და არც ლევანს საჯაროდ არ გვისაუბრია, თუმცა, შეიძლება, ამის დროც მოვიდეს. სწორია, რომ პოლიტსაბჭოს თავმჯდომარედ უნდა დარჩეს ლევან ხაბეიშვილი. შესაბამისად, თუ ის იქნება პოლიტსაბჭოს თავმჯდომარე, უნდა არსებობდეს ასევე პოლიტიკური საბჭოც. კანონმდებლობით, რეჟიმს ფორმალური საბაბი რომ არ მიცვეთ, რომელსაც დამოკლეს მახვილივით აქვს დაკიდებული პარტიების გაუქმების საკითხი ე.წ. საკონსტიტუციო სასამართლოში, რომელიც კიდევ ერთი რეპრესიული მექანიზმია ბიძინა ივანიშვილის რეჟიმის ხელში, ამისთვის აუცილებელია, რომ ნებისმიერი ცვლილებები აკმაყოფილებდეს სამ კრიტერიუმს: პარტიას ჰყავდეს ხელმძღვანელი პირი, რომელიც, როგორც წესი, არის თავმჯდომარე, მაგრამ შეიძლება, სხვა სახელი ეწოდოს, მაგალითად, ბორდის თავმჯდომარე; უნდა ჰყავდეს კოლექტიური გადაწყვეტილების მიმღები ორგანო, როგორც წესი ეს არის პოლიტსაბჭო და უნდა ჰყავდეს ე.წ. სარევიზიო კომისია“, – განაცხადა თინა ბოკუჩავამ.

ამასთან, თინა ბოკუჩავა აცხადებს, რომ საკუთარ თავს რეფორმების საბჭოში ვერ ხედავს.

„მე ვრჩები პარტიაში, სავარაუდოდ, არ დავაყენებ თავმჯდომარეობის კანდიდატად საკუთარ თავს. პრეზიდენტ სააკაშვილს პარტიაში თუ რაღაცის ფორმაცია სურს, მე რიგით წევრად გავაგრძელებ ჩემი ქვეყნის უკეთესი მომავლისთვის ბრძოლას. ბრძოლას იმისთვის, რომ ეს ქვეყანა შევიყვანოთ ევროკავშირში და ჩვენ შვილებს ჰქონდეთ ნათელი მომავალი, არ გვდევნიდნენ თავისუფალი სიტყვისთვის და აზრისთვის. სავარაუდოდ, რეფორმების საბჭოშიც ვერ ვხედავ საკუთარ თავს. რადგან ის პარტიისგან გვერდზე მდგომი ორგანო იქნება, უფრო სწორი იქნება ის დაკომპლექტდეს არაპარტიული ადამიანებით“, – განაცხადა თინა ბოკუჩავამ.

საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა ცოტა ხნის წინ სოციალურ ქსელში პოსტი გამოაქვეყნა. სააკაშვილი „ნაციონალურ მოძრაობას“ სთავაზობს, აირჩიონ დროებითი მართვის ორგანო, შეიქმნას რეფორმატორთა საბჭო, რომლის თავმჯდომარე თავად იქნება, ნანუკა ჟორჟოლიანი კი – აღმასრულებელი მდივანი.

იტვირთბა....