აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის სახელმწიფო საზღვრის დაახლოებით 13 კილომეტრი უკვე დელიმიტირებულია და ამ ადგილებში სადემარკაციო სამუშაოებიც ჩატარდა, – ამის შესახებ აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ჯეიჰუნ ბაირამოვმა ჟურნალისტებს განუცხადა.
აზერბაიჯანის საგარეო უწყების ხელმძღვანელის თქმით, გარკვეული შეთანხმებები მიღწეულია, რომ დელიმიტაცია გაგრძელდება ჩრდილოეთიდან სამხრეთისკენ.
„აზერბაიჯანულმა მხარემ დაასრულა ყველა ის სამუშაო, რაც მას სამშვიდობო შეთანხმების დასრულების ფარგლებში ეკისრებოდა“, – აღნიშნა ბაირამოვმა.
2026 წლის 29 აპრილს, სომხეთის რესპუბლიკაში, აღვერანში, აზერბაიჯანის რესპუბლიკის ვიცე-პრემიერ, შაჰინ მუსტაფაევისა და სომხეთის რესპუბლიკის ვიცე-პრემიერ, მჰერ გრიგორიანის თავმჯდომარეობით, გაიმართა აზერბაიჯანის რესპუბლიკასა და სომხეთის რესპუბლიკას შორის სახელმწიფო საზღვრის დელიმიტაციის სახელმწიფო კომისიის და სომხეთის რესპუბლიკასა და აზერბაიჯანის რესპუბლიკას შორის სახელმწიფო საზღვრის დელიმიტაციისა და სასაზღვრო უსაფრთხოების კომისიის მეცამეტე შეხვედრა.

