სახელმწიფოს აქვს შესაძლებლობა, თავად განავითაროს ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტი. სახელმწიფო იქნება მფლობელი ამ პორტის. ეს არის საუკეთესო ნაბიჯი, – ამის შესახებ მიხეილ ყაველაშვილმა განაცხადა.
მისივე თქმით, ამ ნაბიჯს მიესალმება.
„აქაც ჩანს ქართული სახელმწიფოს, ჩვენი ხელისუფლების მიდგომა – პირველ რიგში, გამჭვირვალობა, ტრანსფარანტულობა ამ საკითხთან დაკავშირებით. ჩვენ მზად ვიყავით, ყველა დაინტერესებულ სახელმწიფოს, ბიზნესს, მათ წინადადებებს გავცნობოდით და ამის მიხედვით გვემოქმედა. ეს არის საუკეთესო ნაბიჯი, რადგან სახელმწიფოს აქვს შესაძლებლობა, თავად განავითაროს ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტი. ყველაზე მნიშვნელოვანია, რომ ჩვენს ქვეყანას ექნება მართვის პაკეტი. ამავე დროს, სხვადასხვა ორგანიზაციასთან, ბიზნესთან, სახელმწიფოებთან დამოკიდებულება, გამჭვირვალობა გვაძლევს საშუალებას, რომ ჩვენი მულტივექტორული მიმართულებები ანაკლიის ღრმაწყლოვან პორტშიც გამოიყენებოდეს. გადაწყვეტილებას წინ უძღოდა შეხვედრები, უზბეკეთის, სერბეთის პრეზიდენტები ბრძანდებოდნენ, ყველა აღნიშნავს ჩვენს პროგრესს. ქვეყნებს, რომლებიც „შუა დერეფნით“ არიან დაინტერესებული, ყველას აქვს სურვილი, ამ პროცესში იყოს მონაწილე.
ყველაზე კარგი ვარიანტი არის, რომ თავად სახელმწიფო იქნება მფლობელი ამ პორტის, ამავე დროს ყველას ექნება საშუალება, თავისი ინტერესი განახორციელოს. სწორედ იქიდან გამომდინარე, რომ ქვეყანა ვითარდება ეკონომიკურად, საქართველო სანდო პარტნიორია, რა თქმა უნდა, სახეზეა სხვადასხვა ქვეყნის სურვილი, მონდომება. ეს ყველაზე დადებითი გადაწყვეტილება იყო – თავად სახელმწიფო იქნება განმკარგავი ასეთი დიდი მოცულობის პორტისა. ეს ყველასთვის სასარგებლოა და ამ ნაბიჯს მივესალმები“, – განაცხადა ყაველაშვილმა.
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, მარიამ ქვრივიშვილმა განაცხადა, რომ მთავრობამ მიიღო გადაწყვეტილება, ანაკლიის ნავსადგური ააშენოს „ლენდლორდის“ მოდელით, რომლის ფარგლებშიც სახელმწიფო დარჩება ძირითადი საზღვაო და საპორტო ინფრასტრუქტურის მესაკუთრედ. მისივე თქმით, ანაკლიის ნავსადგური იქნება ქართული პორტი, საერთაშორისო კომპანიები ჩაერთვებიან უშუალოდ სატერმინალო ინფრასტრუქტურის მართვაში, რასაც არავითარი კავშირი არ აქვს მფლობელობასთან.

