ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

არასამთავრობოები რამდენიმე რუსული არხის აკრძალვას ითხოვენ

არასამთავრობო ორგანიზაციები რამდენიმე რუსული არხის აკრძალვას ითხოვენ: „ვფიქრობთ, რომ აღნიშნული აკრძალვის განხორციელება განსაკუთრებით აუცილებელია დღეს, როდესაც ღია თავდასხმა დამოუკიდებელ და პრო-დასავლურ ქართულ მას მედია საშუალებებზე, კიდევ უფრო დაუცველს ხდის ქართველ ამომრჩეველს რუსული პროპაგანდის წინაშე“- ნათქვამია განცხადებაში.

მათ განცხადებით, პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილს, პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილს, პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილს და ტელე-რადიოკომუნიაციების მარეგულიერებელი კომისიის თავმჯომარე ვახტანგ აბაშიძეს მიმართეს.

„მიუხედავად საქართველოს ორი ისტორიული რეგიონის მიმდინარე სამხედრო ოკუპაციისა, 2008 წლის რუსეთის სამხედრო აგრესიამ საქართველოს წინააღმდეგ მისი ავტორების დასახულ უმთავრეს შედეგს – საქართველოს ევროატლანტიკური ინტეგრაციის პროცესის შეჩერებას და ჩვენი ქვეყნის სუვერენიტეტის გაუქმებას – ვერ მიაღწია.

საქართველოში მიმდინარე პროცესები ნათელყოფს, რომ რუსეთი აქტიურად აგრძელებს ჩვენი ქვეყნის სუვერენიტეტის წინააღმდეგ მიმართულ საქმიანობას, ე.წ. ჰიბრიდული ომის ინსტრუმენტების გამოყენებით. ეს სტრატეგია საქართველოში რუსეთის გავლენის გაძლიერებას ეკონომიკური და ენერგოპროექტების, რუსეთზე მომუშავე ორგანიზაციების დაფინანსების და გააქტიურების, კულტურული ზეგავლენის დაბრუნების, საზოგადოებაში პოლარიზაციისა და არეულობის შეტანის გზებით ცდილობს.

ჰიბრიდული ომის სტრატეგიის ერთ-ერთ ცენტრალური კომპონენტი საქართველოს მოსახლეობის წინააღმდეგ მიმდინარე “საინფორმაციო ომია”, რომლის მთავარი მიზანი, საქართველოს მოსახლეობაში დასავლეთისა და ევრო-ატლანტიკური სტრუქტურების მიმართ უარყოფითი და ნიჰილისტური დამოკიდებულების ჩამოყალიბებაა. ცხადზე ცხადია, რომ რუსეთის პროპაგანდა საქართველოში ისეთი საზოგადოებრივი განწყობის შექმნას ცდილობს, რომელიც მას საშუალებას მისცემს მართოს პოლიტიკური პროცესები საზოგადოებრივ აზრზე მოპოვებული ზეგავლენის გზით.

უკანასკნელ თვეებში განვითარებული მოვლენები, რომელთაგანაც ნაწილი არ გასაჯაროვდა და ნაწილი კი საზოგადოებამ საერთოდ ვერ აღიქვა რუსეთის მიერ წარმოებული ჰიბრიდული ომის თავდასხმად, მიანიშნებს იმაზე, თუ რაოდენ სერიოზულ საფრთხესთან გვაქვს საქმე. აშკარააა, რომ მოახლოვებული არჩევნები და ამ არჩევნებში რუსეთიდან მართული პოლიტიკური ძალების გააქტიურება, ჩვენი ქვეყნის წინაშე არსებულ ამოცანას – სახელმწიფომ თავი დაიცვას რუსული აგრესიისაგან ჰიბირდული ომის პირობებში – კიდევ უფრო საჭირბოროტოდ ხდის.

მსგავსი თავდაცვის სტრატეგია სახელმწიფოსაგან მოითხოვს რიგი ღონისძიებების გატარებას. პირველ რიგში მოვიაზრებთ აუცილებლობას, რომ რუსულ პროპაგანდისტულ მასმედიას შეეზღუდოს საქართველოში მოქმედების სივრცე და თავისუფალი ოპერირების უნარი. ამის შესაძლებლობას იძლევა საქართველოს კონსტიტუცია. ის ითვალისწინებს იმ ინფორმაციის გავრცელების აკრძალვას, რომელიც საფრთხეს უქმნის სახელმწიფო უშიშროებას, ტერიტორიულ მთლიანობას ან საზოგადოებრივ უსაფრთხოებას (საქართველოს კონსტიტუციის 24-ე მუხლის, მე-4 პუნქტი). საქართველოს საზოგადოების რუსული პროპაგანდით ინდოქტრინიზაციის მიმდინარე პროცესი სწორედ მსგავსი სერიოზული საფრთხეების მატარებელია. აღსანიშნავია, რომ რუსული მაუწყებლობის შეზღუდვის პრაქტიკა, იგივე მოსაზრებებით, არსებობს ბალტიისპირეთის ქვეყნებშიც, რომლებიც დაცულობის უფრო მეტი გარანტიებით სარგებლობენ, ვიდრე ჩვენი ქვეყანა, რამდენადაც ისინი უკვე ნატო-სა და ევროკავშირის წევრი სახელმწიფოები არიან. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, მოგიწოდებთ, რომ იდენტიფიცირება გაუკეთდეს რუსული სახელმწიფო პროპაგანდის ინსტრუმენტებს რუსული ტელეარხების პროდუქციის კომპეტენტური და ზუსტი ანალიზის საშუალებით, და შეიზღუდოს ის არხები, რომელთა ამგვარი მეთოდით გამოვლენა მოხდება როგორც პროპაგანდის ინსტრუმენტისა.

რუსული არხები, რომლებიც კრემლის პირდაპირ იარაღს წარმოადგენს საინფორმაციო ომში და რომელთა მაუწყებლობაც საქართველოში დაუყონებლივ უნდა შეიზღუდოს არის: რუსეთის პირველი არხი, РТР-ПЛАНЕТА, Россия 24, НТВ Мир, TVCI, Россия 1, НТВ, ТНТ, Петербург 5, Звезда, Рен-ТВ, Russia Today. სწორედ ამ არხების ტრანსლაცია აკრძალა უკრაინის ტელემაუწყებლობის ეროვნულმა საბჭომ, მას შემდეგ, რაც შესაბამისმა ანალიზმა აჩვენა, რომ ეს არხები უკრაიანში საზოგადოებრივი არეულობასა და დაპირისპირებას უწყობდნენ ხელს დეზინფორმაციის გზით. 2014 წელს რუსული არხის, Россия 24 მაუწყებლობა ასევე აიკრძალა მოლდოვაში.

ვფიქრობთ, რომ აღნიშნული აკრძალვის განხორციელება განსაკუთრებით აუცილებელია დღეს, როდესაც ღია თავდასხმა დამოუკიდებელ და პრო-დასავლურ ქართულ მას მედია საშუალებებზე, კიდევ უფრო დაუცველს ხდის ქართველ ამომრჩეველს რუსული პროპაგანდის წინაშე. თუ ეს რჩევა ადმინისტრირების საშუალებით სახელმწიფოს დღევანდელი მმართველი ძალისთვის პრობლემას წარმოადგენს, მზად ვართ დახმარებისთვის. საქართველოს ხელისუფლების მხრიდან შესაბამისი პოლიტიკური ნების არსებობის პირობებში, დაუყონებლივ უნდა დაიწყოს შესაბამისი ღონისძიებების გატარება, რასაც ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკური პროცესები გადაუდებელ აუცილებლობად აქცევს”, – ნათქვამია განცხადებაში, რომელსაც ხელს აწერენ – რომან გოცირიძე-საქართველოს ეკონომიკური განვითარების ცენტრი, ნინო ევგენიძე-ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრი, სერგი კაპანაძე-საქართველოს რეფორმების ასოციაცია, გიგი კუბლაშვილი-საზოგადოებრივი მოძრაობა ”‘ივერია”, ნიკა რურუა-საზოგადოებრივი მოძრაობა ”ივერია”, სალომე სამადაშვილი-სტრატეგიული კომუნიკაციის და დემოკრატიის ცენტრი, დავით სიხარულიძე-საქართველოს ატლანტიკური საბჭო, ბათუ ქუთელია-საქართველოს ატლანტიკური საბჭო, ირაკლი ტაბლიაშვილი-Georgian Review, გიორგი ტუღუში-საქართველოს დემოკრატიული ინიციატივა, ელენე ხოშტარია-საქართველოს რეფორმების ასოციაცია, მარიამ ჯიშკარიანი, ცენტრი ”ემპატია”, თამარ ცოფურიშვილი, ზვიად დევდარიანი – სამოქალაქო განვითარების სააგენტო, შორენა ლორთქიფანიძე-დემოკრატიისა და ევროატლანტიკური კვლევების ინსტიტუტი.

იტვირთბა....