ანკარაში დაგეგმილი ნატო-ს სამიტის მთავარი თემები ევროატლანტიკური სივრცის წინაშე არსებული საფრთხეები, უკრაინა და ბლოკის სამხრეთ ფლანგი იქნება, – ამის შესახებ თურქეთის პრეზიდენტის ადმინისტრაციის კომუნიკაციების დირექტორატის ხელმძღვანელმა ბურჰანეტინ დურანმა სოციალურ ქსელში დაწერა.
„სამიტზე, თავდაცვის ინვესტიციების გაზრდის გადაწყვეტილებისა და ალიანსის შეკავებისა და თავდაცვის სფეროში ძალისხმევის კონტექსტში გადადგმული ნაბიჯები 360-გრადუსიანი პერსპექტივიდან შეფასდება. მეორეს მხრივ, ლიდერები სტრატეგიულ დონეზე გაცვლიან მოსაზრებებს ევროატლანტიკური სივრცის წინაშე არსებულ საფრთხეებზე, რისკებსა და გამოწვევებზე; განიხილავენ უკრაინაში არსებული სიტუაციას და ალიანსის სამხრეთ სამეზობლოში ბოლო დროს განვითარებულ მოვლენებს“, – აღნიშნა თურქეთის პრეზიდენტის ადმინისტრაციის კომუნიკაციების დირექტორატის ხელმძღვანელმა.
მისი ინფორმაციით, ჩრდილოატლანტიკური საბჭო 8 ივლისს მოკავშირე სახელმწიფოებისა და მთავრობების მეთაურების დონეზე შეიკრიბება, რომელსაც თურქეთის პრეზიდენტი რეჯეფ თაიფ ერდოღანი უმასპინძლებს.
„ასევე მოსალოდნელია, რომ ჩვენი პატივცემული პრეზიდენტი სამიტის ფარგლებში ორმხრივ შეხვედრებს გამართავს მონაწილე სახელმწიფოებისა და მთავრობების მეთაურებთან“, – დაწერა თურქეთის პრეზიდენტის ადმინისტრაციის კომუნიკაციების დირექტორატის ხელმძღვანელმა.
ცნობისთვის, ნატო-ს წევრი ქვეყნების ლიდერების 36-ე სამიტი ანკარაში, 7-8 ივლისს გაიმართება.

