უკრაინის შეიარაღებული ძალების უპილოტო სისტემების ძალების მეთაურმა, რობერტ “მადიარ” ბროვდიმ 2 ივლისს დაწერა, რომ ივლისის დასაწყისის 48-საათიან პერიოდში უკრაინულმა ძალებმა რუსეთის მიერ ოკუპირებულ ტერიტორიებზე 12 ელექტროქვესადგურსა და ერთ გაზგამანაწილებელ სადგურს დაარტყა.
მისი თქმით, უპილოტო სისტემების ძალების ოპერაციის შედეგად ოკუპირებულ ყირიმსა და დონეცკის, ლუჰანსკისა და ზაპოროჟიეს ოლქების ოკუპირებულ ნაწილებში ენერგეტიკულმა ობიექტებმა მუშაობა შეაჩერეს.
ბროვდის მიხედვით, ოკუპირებულ ტერიტორიებზე დაზიანებული 12 ელექტროქვესადგურიდან ათი ყირიმში მდებარეობდა. მან ასევე აღნიშნა, რომ უკრაინულმა ძალებმა ოკუპირებული ზაპოროჟიეს ოლქის ქალაქ მელიტოპოლში საწვავის საცავზეც მიიტანეს იერიში.
“მოსკოვი დაეცემა.” – დაწერა ბროვდიმ საკუთარ ტელეგრამ-არხზე.
ზაფხულში უკრაინამ რუსული ლოგისტიკისა და ოკუპირებული ყირიმის ინფრასტრუქტურის წინააღმდეგ იერიშების კამპანია გააძლიერა, რომლის მიზანიც რუსეთისგან ნახევარკუნძულის იზოლირება და მომარაგების მთავარი მარშრუტების გადაჭრაა.

