თეირანი აშშ-სა და ისრაელს აფრთხილებს, აიათოლა ალი ხამენეის დაკრძალვის ცერემონიისა და გლოვის დღეებში თავდასხმა არ განახორციელონ.
„ხათამ ალ-ანბიას“ ცენტრალური შტაბის მეთაურის, ალი აბდოლაჰის განცხადებით, მსგავსი ნაბიჯის შემთხვევაში, ირანის პასუხი მკაცრი იქნება.
„ჩვენ ვაფრთხილებთ ირანის მტრებს, განსაკუთრებით აშშ-სა და სიონისტურ რეჟიმს, თავი შეიკავონ ნებისმიერი შეცდომისგან და დაფიქრდნენ იმ მკაცრ საპასუხო ზომებზე, რომლებსაც ჩვენი შეიარაღებული ძალები ჩვენი ქვეყნის წინააღმდეგ ნებისმიერ საფრთხესა და აგრესიაზე განახორციელებენ“, – განაცხადა მან.
მედიის ინფორმაციით, მსგავსი განცხადება რამდენიმე დღის წინ ირანის საგარეო საქმეთა მინისტრმა, აბას არაღჩიმაც გააკეთა. მისი თქმით, თავდასხმის შემთხვევაში თეირანი „დაუყოვნებლივ და ძლიერ რეაგირებას“ მოახდენს.
შეგახსენებთ, რომ აიათოლა ალი ხამენეის დაღუპვის შესახებ 28 თებერვალს გახდა ცნობილი. ირანის სახელმწიფო მედიამ ინფორმაცია 1-ელ მარტს დაადასტურა. აიათოლა ალი ხამენეი ირანის წინააღმდეგ აშშ-სა და ისრაელის ერთობლივი შეტევის პირველივე დღეს დაიღუპა, როდესაც თეირანში მის რეზიდენციაზე თავდასხმა განხორციელდა. სულიერი ლიდერის დაკრძალვა საომარი მოქმედებების გამო გადაიდო.

