აქტუალური თემა ახალი ამბები მთავარი მსოფლიო პოლიტიკა

“ევროკავშირი სომხეთის ერთ-ერთი ყველაზე სანდო პარტნიორია, თანამშრომლობა ეფუძნება ისეთ ფასეულობებს, როგორიც არის დემოკრატია, კანონის უზენაესობა, ადამიანის უფლებების დაცვა” – ნიკოლ ფაშინიანი

ევროკავშირი სომხეთის ერთ-ერთი ყველაზე სანდო პარტნიორია, დღეს სომხეთ-ევროკავშირის ურთიერთობები უფრო მჭიდროა, ვიდრე ოდესმე, – ამის შესახებ სომხეთის პრემიერ-მინისტრმა, ნიკოლ ფაშინიანმა ევროკომისიის პრეზიდენტ ურსულა ფონ დერ ლაიენთან ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

როგორც ფაშინიანმა აღნიშნა, სომხეთ-ევროკავშირის თანამშრომლობა ეფუძნება ყოვლისმომცველ და გაძლიერებულ პარტნიორობის შეთანხმებას, ასევე სომხეთ-ევროკავშირის პარტნიორობის დღის წესრიგს, რომელიც ეყრდნობა ისეთ საერთო ფასეულობებს, როგორიცაა დემოკრატია, კანონის უზენაესობა და ადამიანის უფლებების დაცვა.

ამასთან, ნიკოლ ფაშინიანის თქმით, ორმხრივი შეხვედრის დროს მხარეებმა სომხეთის ეკონომიკის დივერსიფიკაცია და ის მექანიზმები განიხილეს, რომელთა მეშვეობით ევროკავშირს ამ ძალისხმევის მხარდაჭერა შეუძლია.

ფაშინიანმა მადლობა გადაუხადა ევროკავშირს, სომხეთისთვის 52 მილიონი ევროს საბიუჯეტო მხარდაჭერის გამოყოფისთვის, ასევე ევროკავშირის წევრ სახელმწიფოებში სომხური პროდუქციისთვის ავტონომიური სავაჭრო ზომების შეთავაზებისთვის.

„ამ გადაწყვეტილების ძალაში შესვლის შემდეგ, სომხეთი გახდება პირველი ქვეყანა, რომელიც ამ ინსტრუმენტით ისარგებლებს ისე, რომ არც ევროკავშირის კანდიდატის სტატუსი აქვს და არც თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმება ევროკავშირთან“, – განაცხადა სომხეთის პრემიერ-მინისტრმა.

მისივე თქმით, სომხური მხარე იმედოვნებს, რომ გადაწყვეტილება მაქსიმალურად სწრაფად იქნება მიღებული წევრ ქვეყნებთან აქტიური თანამშრომლობით, იმის გათვალისწინებით, რომ სომხეთში მოსავლის აღების სეზონი უკვე დაიწყო.

გარდა ამისა, სომხეთის პრემიერის განცხადებით, ქვეყანა დაინტერესებულია ევროკავშირთან თანამშრომლობის გაღრმავებით ინფრასტრუქტურული კავშირების, ენერგეტიკისა და მაღალი ტექნოლოგიების სფეროებში. ფაშინიანის თქმით, სომხეთმა და ევროკავშირმა ბოლო თვეებში მნიშვნელოვან პროგრესს მიაღწიეს დაკავშირებადობის სფეროში.

„ამის ნათელი მაგალითია სომხეთ-ევროკავშირის სამიტზე „სომხეთ-ევროკავშირის დაკავშირებადობის პარტნიორობის შესახებ“ ერთობლივი განცხადების მიღება, ისევე როგორც გასულ კვირაში ბრიუსელში, დაკავშირებადობის დღის წესრიგის პლატფორმის მინისტერიალის ფარგლებში, განზრახვის წერილისა და დადასტურების წერილის ხელმოწერა სომხეთსა და ევროკომისიას, ასევე ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკსა (EBRD) და ევროპის საინვესტიციო ბანკს (EIB) შორის, რაც ეხება სომხეთის სამი სასაზღვრო გამშვები პუნქტისა და ორი ჩრდილოეთ მაგისტრალის ტექნიკურ-ეკონომიკურ დასაბუთებას“, – აღნიშნა ფაშინიანმა.

„მშვიდობის გზაჯვარედინის“ ინიციატივაზე საუბრისას კი, ფაშინიანმა ხაზი გაუსვა ენერგეტიკული კავშირების გაფართოების მნიშვნელობას, მათ შორის თურქეთთან და აზერბაიჯანთან ელექტროგადამცემი ხაზებისა და ინტერკონექტორების მშენებლობას.

„ამან შეიძლება, ხელი შეუწყოს როგორც ენერგეტიკული უსაფრთხოების გაძლიერებას, ასევე მწვანე გარდამავალი პერიოდის მიზნების მიღწევას“, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

მისივე თქმით, სომხეთი ასევე დაინტერესებულია ევროკავშირთან უფრო მჭიდრო თანამშრომლობით ციფრულ ტექნოლოგიებში, ხელოვნურ ინტელექტში, მაღალ ტექნოლოგიებსა და ინოვაციებში, ისეთი გარემოს შექმნით, რომელიც ხელს შეუწყობს უფრო დიდი მოცულობის ევროპული კერძო ინვესტიციების მოზიდვას.

„ამ კონტექსტში, მე ასევე დიდ მნიშვნელობას ვანიჭებ სომხეთის მონაწილეობას შავი ზღვის წყალქვეშა ელექტროენერგიის და ციფრული კაბელის პროექტებში“, – აღნიშნა ფაშინიანმა.

ცნობისთვის, ევროკომისიის პრეზიდენტი ურსულა ფონ დერ ლაიენი სომხეთში სამუშაო ვიზიტით 2 ივლისს ბაქოდან ჩაფრინდა. სომხეთის პრემიერ-მინისტრმა, ნიკოლ ფაშინიანმა ევროკომისიის პრეზიდენტს მთავრობის ადმინისტრაციაში უმასპინძლა

იტვირთბა....