ერევანში მთავრობის შენობასთან მოძრაობა „ჰაიაკვესა“ და პარტია „დედა სომხეთის“ ერთობლივი საპროტესტო აქცია მიმდინარეობს.
სომხური მედიის ცნობით, მომიტინგეები პოლიტპატიმრების დაუყოვნებლივ გათავისუფლებას ითხოვენ.
აქტივისტებს დაკავებული ან შინაპატიმრობაში მყოფი სასულიერო პირებისა და პოლიტიკური ფიგურების ფოტოები უჭირავთ და აცხადებენ, რომ სომხეთის ხელისუფლება პოლიტიკური შეხედულებებისა და სიტყვის თავისუფლების გამო ადამიანებს აპატიმრებს.
ამასთან, მედიის ცნობით, დემონსტრანტები აცხადებენ, რომ სომხეთში ავტორიტარული მმართველობის დამყარების მცდელობებს გმობენ.
ორგანიზატორები ასევე გეგმავენ ოფიციალური შეტყობინების გადაცემას ევროკომისიის პრეზიდენტისთვის, ურსულა ფონ დერ ლაიენისთვის, რომელიც სომხეთის რესპუბლიკაში ოფიციალური ვიზიტით იმყოფება.
„ევროკომისიის პრეზიდენტის, ურსულა ფონ დერ ლაიენის ერევანში ჩასვლით, ევროპული ინსტიტუტები ფაქტობრივად ხელს უწყობენ ავტორიტარიზმს და აკანონებენ სომხეთის ამჟამინდელი მთავრობის ოპონენტების დევნას“, – განაცხადა მოძრაობა „ჰაიაკვეს“ წევრმა, მენუა სოღომონიანმა.
მთავრობის შენობასთან, სადაც დემონსტრაცია იმართება, პოლიციაა მობილიზებული.

