ევროკომისიის პრეზიდენტი, ურსულა ფონ დერ ლაიენი აცხადებს, რომ ევროკავშირი სომხეთს ვაჭრობის გასაძლიერებლად 18 მილიონ ევროს გამოუყოფს.
აღნიშნულის შესახებ ურსულა ფონ დერ ლაიენმა სომხეთის პრემიერ-მინისტრ ნიკოლ ფაშინიანთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
„ვიცი, რომ სომხეთი კვლავ განიცდის რუსეთის მხრიდან მნიშვნელოვან ეკონომიკურ ზეწოლას. სინამდვილეში, ეს სხვა არაფერია, თუ არა ეკონომიკური იძულება. დარწმუნებული იყავით, რომ ჩვენს პარტნიორებზე ზეწოლა როდესაც იზრდება, ევროკავშირი ყოველთვის გადადგამს საპასუხო ნაბიჯებს. აქ რამდენიმე განცხადებაც მაქვს გასაკეთებელი. პირველ რიგში, თქვენ მალე მიიღებთ დამატებით 18 მილიონ ევროს, რაც ვაჭრობის გაძლიერებასა და დივერსიფიკაციაში დაგეხმარებათ“, – განაცხადა ევროკომისიის პრეზიდენტმა.
ამასთან, ურსულა ფონ დერ ლაიენის თქმით, სომხური საქონელი რუსეთის ნაცვლად, ევროკავშირის ბაზარზე გავა.
„ჩვენ კიდევ უფრო შორს მივდივართ. წარვადგენთ წინადადებას ე.წ. ავტონომიური სავაჭრო ზომების შესახებ, რაც ნიშნავს, რომ ავტონომიური სავაჭრო ღონისძიებები ევროკავშირში სომხეთის ექსპორტის თითქმის 80 პროცენტის ლიბერალიზაციას მოახდენს. შედეგად, ჩვენთან თქვენი ვაჭრობის 80 პროცენტი ტარიფებისგან გათავისუფლდება. ამით ჩვენ შევძლებთ იმ პროდუქტების გადამისამართებას, რომლებიც ამჟამად კვლავ ძლიერ არიან დამოკიდებული რუსულ ბაზარზე და მათ გაგზავნას ევროკავშირის ერთიან ბაზარზე, რომელიც 450 მილიონ მომხმარებელს მოიცავს. შესაბამისად, ეს ზომები ევროპის კარს გაუხსნის სომხეთის ხილის, ბოსტნეულისა და მცენარეების თითქმის 99 პროცენტს, რომელთა ექსპორტიც ადრე რუსეთში ხდებოდა“, – აღნიშნა ურსულა ფონ დერ ლაიენმა.

