„ქართულმა ოცნებამ“ ე.წ. განათლების რეფორმა, 1-6 კლასის მოსწავლეებისთვის სავალდებულო სასკოლო ფორმების დაწესებით და სასკოლო წიგნების ყდების შეცვლით დაიწყო და საქართველოს ისტორიის გადაწერით აგრძელებს, – ამის შესახებ „ძლიერი საქართველო – ლელოს“ აღმასრულებელმა მდივანმა, თაზო დათუნაშვილმა განაცხადა.
მისი თქმით, ქართველი მოსწავლეებისთვის ფორმებს ჩინეთში შეკერავენ, ადგილობრივი წარმოების სტიმულირების ნაცვლად, „ოცნება“ მილიონობით დოლარის ღირებულების კონტრაქტს ჩინურ ერთკაციან კომპანიას უფორმებს.
„იმ ფონზე, როდესაც საქართველოში უკვე წლებია, ოპერირებენ ქართული კომპანიები, რომლებიც ტექსტილის წარმოებაში არიან საუკეთესოები მთელ ევროპაში და კერავენ ისეთი ბრენდებისთვის, როგორიც არის მაგალითად, Puma, Nike, Adidas, Moncler და სხვა, ამ ოდენობის თანხის, ათეულობით მილიონი დოლარის ჩინურ კომპანიაში გაშვება არის უბრალოდ ეკონომიკური დანაშაული „ქართული ოცნების“ მხრიდან. ამ ინდუსტრიაში ასეთი მასშტაბის ფინანსური რესურსები ერთი მხრივ, ძალიან დიდ განვითარებას მოიტანდა და დამატებით, საქართველოს ასობით მოქალაქეს დაასაქმებდა. რაც მთავარია, საქართველოში სკოლის მოსწავლეებისთვის ეს აბსურდული ფორმების შესყიდვის სიმძიმე მოსწავლეების ოჯახებზე უნდა გადატყდეს, მათ უნდა შეიძინონ.
ამ 14 წლის მანძილზე აბსურდული რეფორმების შედეგად განათლების სისტემაში „ქართული ოცნების“ მიერ დატრიალებული კოშმარი ასე გამოიყურება: გამოცდების ეროვნული ცენტრის (NAEC) შეფასებით, საქართველოში მასწავლებლის გამოცდას მინიმალურ ზღვარზეც კი ვერ აბარებენ ფიზიკის მასწავლებლების 80%, ქიმიის მასწავლებლების 71% და ბიოლოგიის მასწავლებლების 60%. თამამად შეგვიძლია, ვთქვათ, სამ საბუნებისმეტყველო მეცნიერებაში მასწავლებლების ნახევარზე მეტი არაკვალიფიციურია მინიმალური ზღვარის დასაკმაყოფილებლად; PISA-ს კვლევით, საქართველო წაკითხულის გააზრებაში 81 ქვეყანას შორის 67-ე ადგილზეა. მათემატიკაში მე-60, საბუნებისმეტყველო მეცნიერებებში კი 66-ე; Unicef-ის და საქსტატის ერთობლივი კვლევის თანახმად, ბავშვების 35%, ვინც დადის სკოლაში, არასდროს იკვებება სკოლის პერიოდში იმიტომ, რომ ამის საშუალება არ აქვს და სახელმწიფო მას ამით არ უზრუნველყოფს; იმავე კვლევის თანახმად, ფულის არქონის გამო ბავშვების 45.3% არ აქვს მისთვის სასურველი, სულ მცირე, ერთი აუცილებელი სასკოლო მასალის შეძენის საშუალება, ანუ საქართველოს მოსწავლეების 45% ან კომპიუტერის, ან წიგნების გარეშე, ან სახატავი მასალის გარეშე სწავლობს; სხვა ქვეყანაში ემიგრაციის გამო, მხოლოდ 2020-2025 წლებში 22 737-მა მოსწავლემ შეწყვიტა სწავლა. „ქართული ოცნება“ კი დუმს და ყველას ეუბნება, რომ ქვეყნიდან წავიდნენ; დანგრეულია ათობით სკოლა, რომელთა რეაბილიტაციის ფულიც პირდაპირ არის წასული „ოცნებასთან“ დაკავშირებულ კომპანიებში, მათი ნაწილი სისხლის სამართლებრივი დევნის ქვეშ არის, მეორე ნაწილი ისევ აგრძელებს ოპერირებას, ოღონდ წლებია, მოსწავლეები თავიანთ სკოლებში ვერ დადიან; ათიათასობით მოსწავლე სწავლობს საკუთარი სახლიდან და უბნიდან ბევრად შორს მდებარე სხვა სკოლებში და საჭიროებს ტრანსპორტირებას. აქაც კორუფციული სქემაა და ტრანსპორტირებას უზრუნველყოფენ ის კომპანიები, რომლებიც არიან „ქართული ოცნების“ შემომწირველები ან მათთან დაკავშირებული“, – განაცხადა თაზო დათუნაშვილმა.
მისი თქმით, რასაც „ქართული ოცნება“ სჩადის საქართველოს მომავლის წინაშე არის საგანმანათლებლო სისტემის სრული კრახი.
„აი, ასე გამიყურება საშუალო განათლება „ქართული ოცნების“ პირობებში და მათ გადაწყვიტეს, რომ თურმე რეფორმის საგანი უნდა იყოს ის, როგორ ჩაიცმვამენ ჩვენი შვილები, რომელთა 35% მშივრები არიან სასკოლო პერიოდის მანძილზე. რას ჩაიცვამენ სკოლაში ეს ეკითხება „ქართულ ოცნებას“ და არა ის, რომ ისინი უნდა გამოკვებონ იქ და შეცვლიან სასკოლო წიგნების ყდებს, ანუ ის კი არა შიგნით რა წერია, უკეთესი ხარისხის იყოს შინაარსი ამ წიგნების, არამედ რა ახატია ყდაზე ეს არის მნიშვნელოვანი ივანიშვილის რეჟიმისთვის. ეს სამარცხვინო რეალობა აუცილებლად შეიცვლება და ერთ-ერთი ყველაზე მძიმე დანაშაული საქართველოს და საქართველოს მომავლის წინაშე, რასაც „ოცნება“ სჩადის ეს არის საქართველოს საგანმანათლებლო სისტემის სრული კრახი“, – განაცხადა თაზო დათუნაშვილმა.

