მომავალ კვირას დაგეგმილ სამიტზე მოკავშირეები ვალდებულებას აიღებენ უზრუნველყონ უკრაინისთვის მდგრადი, პროგნოზირებადი და გრძელვადიანი უსაფრთხოების დახმარება, – ამის შესახებ ნატო-ს გენერალურმა მდივანმა მარკ რუტემ გერმანიაში ქვეყნის კანცლერთან, ფრიდრიხ მერცთან და თავდაცვის მინისტრთან, ბორის პისტორიუსთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
„გერმანია უკრაინის საკითხში ლიდერია. თქვენ მისი ყველაზე ძლიერი მხარდამჭერი ხართ ევროპაში, მისი თავისუფლებისა და სუვერენიტეტის დაცვის მიმართ ერთგული“, – აღნიშნა რუტემ.
მისი თქმით, რუსეთზე ზეწოლა უნდა გაგრძელდეს მაშინაც კი, როცა ომი დასრულდება.
„ვთანხმდებით, რომ რუსეთზე ზეწოლა უნდა გავაგრძელოთ. მაშინაც კი, როდესაც უკრაინის წინააღმდეგ ომი დასრულდება, რუსეთი ევროატლანტიკური უსაფრთხოებისთვის გრძელვადიან საფრთხედ დარჩება“, – აღნიშნა რუტემ.
მან ახლო აღმოსავლეთში არსებულ ვითარებაზეც ისაუბრა და ხაზი გაუსვა, რომ ირანმა მსოფლიო ეკონომიკის მძევლად აყვანა სცადა.
„გლობალური უსაფრთხოების გარემო რთული და არასტაბილურია. შეხედეთ, როგორ სცადა ირანმა მსოფლიო ეკონომიკის მძევლად აყვანა ჰორმუზის სრუტის ბლოკირებით. მივესალმები მოკავშირეების ვალდებულებას, უზრუნველყონ სრუტეში ნავიგაციის თავისუფლება“,- აღნიშნა რუტემ.
მისი თქმით, გერმანია, მთლიანად ევროპა და ჩრდილოეთ ამერიკა ნატო-ში ერთად ყოფნით ყოველთვის უფრო ძლიერები იყვნენ.
„თავდაცვაში მეტი ინვესტიციების ჩადებით, ინდუსტრიის გაძლიერებით და ინოვაციური ახალი სისტემების დანერგვით, ჩვენ მომავლისთვის მზად ვიქნებით“, – აღნიშნა რუტემ.

