უკრაინის თავდაცვის მინისტრმა, მიხაილ ფედოროვმა „პოლიტიკოსთან“ ინტერვიუში განაცხადა, რომ ქვეყანას მილიარდობით დოლარის დამატებითი სამხედრო დახმარება სჭირდება, რათა გააგრძელოს შეიარაღებული ძალების ტრანსფორმაცია და ბრძოლის ველზე მიღწეული უპირატესობა შეინარჩუნოს.
ფედოროვმა აღნიშნა, რომ უკრაინამ ბრძოლის ველზე ინიციატივა დაიბრუნა რუსულ სამხედრო ძალებზე, ლოგისტიკურ ობიექტებსა და ნავთობის ინფრასტრუქტურაზე განხორციელებული დარტყმების შედეგად. თუმცა, მისივე თქმით, ახლა მთავარი ამოცანაა დასავლელი მოკავშირეებისგან დამატებითი დახმარების სწრაფად მიღება, ვიდრე რუსეთი ახალ ვითარებას მოერგება.
ფედოროვის განცხადებით, უკრაინა მუშაობს საჰაერო თავდაცვის გაუმჯობესებასა და სამხედრო გაწვევის სისტემის პრობლემების მოგვარებაზე.
„ტექნოლოგიურ ომში ჩანს, რამდენად სწრაფად შეიძლება შეიცვალოს ვითარება. ყველაფერი დამოკიდებულია დაფინანსების სისწრაფესა და ჩვენს მოქმედებებზე. უკრაინა მთელ ევროპას იცავს რუსებისგან“, – აღნიშნა ფედოროვმა.
როგორც „პოლიტიკო“ წერს, გასულ კვირას უკრაინამ ევროკავშირის ქვეყნებს თხოვნით მიმართა, ევროპული მშვიდობის ფონდის (European Peace Facility) ახლად გათავისუფლებული 6,6 მილიარდი ევრო მთლიანად უკრაინისთვის გამოეყოთ.
აღნიშნული თანხა წლების განმავლობაში დაბლოკილი იყო უნგრეთის ყოფილი პრემიერ-მინისტრის, ვიქტორ ორბანის მთავრობის წინააღმდეგობის გამო. ეს თანხა ევროკავშირის ქვეყნებისთვის უკრაინისთვის უკვე გაწეული სამხედრო დახმარების ნაწილის ასანაზღაურებლად არის განკუთვნილი, თუმცა ფედოროვი აცხადებს, რომ ის პირდაპირ კიევს უნდა გადაეცეს.
„EPF-ი ჩვენთვის, შეიძლება, ვითარების შემცვლელი გახდეს – ჩვენი ამჟამინდელი წარმატების დაჩქარების საშუალება ბრძოლის ველზე. ამიტომ ვფიქრობ, კონსულტაციები უნდა დავიწყოთ ყველა იმ ქვეყანასთან, რომელიც შესაძლოა, ყოყმანობდეს“, – განაცხადა ფედოროვმა.
ფედოროვის თქმით, ევროკავშირი უკრაინისთვის დახმარების მიწოდების პროცესში უფრო სწრაფი გახდა და ამას „ევროკავშირი 2.0“ უწოდა.
როგორც კიევში აცხადებენ, უკრაინის სამხედრო ხარჯები წელს 136 მილიარდ ევროს შეადგენს, თუმცა საკუთარი რესურსებით უკრაინას მხოლოდ 53 მილიარდის დაფარვა შეუძლია. ევროკავშირის მიერ შეთანხმებული უკრაინის მხარდამჭერი სესხი დაახლოებით 28,3 მილიარდი ევროს სამხედრო დახმარებას ითვალისწინებს მიმდინარე წლისთვის, ხოლო მთლიანობაში, ორწლიან პერიოდში 90 მილიარდი ევროს ოდენობის სესხის ნაწილია.
თუმცა, ფედოროვის თქმით, ეს საკმარისი არ არის.
„ჩვენ გვჭირდება მილიარდობით დოლარის დამატებითი, მიზნობრივი დახმარება და ეს ხვალვე გვჭირდება“, – განაცხადა უკრაინის თავდაცვის მინისტრმა.
ფედოროვის განმარტებით, დახმარება უნდა იყოს ორიენტირებული არა იმაზე, რისი მიწოდებაც ქვეყნებს უფრო მარტივად შეუძლიათ, არამედ იმაზე, რაც უკრაინას რეალურად სჭირდება.
ამასთან, ფედოროვმა ისაუბრა სამხედრო გაწვევის პრობლემებზე. მისი თქმით, დაახლოებით 200 000 მამაკაცი ამჟამად არ მსახურობს, ხოლო მოქმედი სამხედროები ხშირად დიდხანს იმყოფებიან საბრძოლო პოზიციებზე როტაციის გარეშე და ყოველთვიურად მხოლოდ საბაზისო ხელფასს, 20 000 გრივნას, დაახლოებით 390 ევროს იღებენ. მისი თქმით, დასავლური სამხედრო დახმარების უფრო სწრაფი მიწოდება უკრაინას საშუალებას მისცემს, სახელმწიფო სახსრები ახალი სამხედროების ანაზღაურებისთვის გამოიყენოს.
„პარტნიორები რაც უფრო სწრაფად გამოგზავნიან სამხედრო დახმარებას, მით მეტი შანსი გვექნება, გავათავისუფლოთ სახელმწიფო სახსრები ხელფასების გადასახდელად. დღეს უკრაინის არმია ევროპაში ყველაზე მომზადებული არმიაა. სად ნახავთ კიდევ ისეთ ჯარებს, რომლებსაც შეუძლიათ, თვეში 30-35 ათასი რუსი სამხედრო გაანადგურონ?“ – განაცხადა ფედოროვმა.
მისი თქმით, უკრაინის სამხედრო რეფორმებს აქვს ერთი მთავარი მიზანი – ვლადიმირ პუტინმა უნდა გააცნობიეროს, რომ ომის გაგრძელება ძალიან ძვირი უჯდება.
„მან უნდა იგრძნოს, ფასი ძალიან მაღალია იმისთვის, რომ გაგრძელება შეძლოს“, – განაცხადა უკრაინის თავდაცვის მინისტრმა.

