ჩინეთი ახალი ტიპის საერთაშორისო ურთიერთობების მშენებლობას ხელს შეუწყობს, – ამის შესახებ ჩინეთის პრეზიდენტმა სი ძინპინმა „ჩინეთის კომუნისტური პარტიის“ დაარსების 105-ე წლისთავისადმი მიძღვნილ საზეიმო ღონისძიებაზე განაცხადა.
„ჩინეთის განვითარება ამჟამად ისეთ პერიოდშია, როდესაც სტრატეგიული შესაძლებლობები რისკებთან და გამოწვევებთან ერთად არსებობს, ხოლო გაურკვეველი და არაპროგნოზირებადი ფაქტორები იმატებს. ჩვენ მზად უნდა ვიყოთ, რომ ძლიერი გამოწვევების გამოცდას გავუძლოთ“, – განაცხადა სი ძინპინმა.
მისი თქმით, „მსოფლიო ტურბულენტობისა და ტრანსფორმაციის ახალ პერიოდში შევიდა, სადაც კაცობრიობა არჩევანის გზაჯვარედინზე დგას“.
სი ძინპინმა სამხედრო ხარჯების გაზრდის შესახებაც ისაუბრა.
„ძლიერ ქვეყანას ძლიერი შეიარაღებული ძალები უნდა ჰყავდეს და მხოლოდ ძლიერ შეიარაღებულ ძალებს შეუძლია ეროვნული უსაფრთხოების უზრუნველყოფა“, – აღნიშნა ჩინეთის პრეზიდენტმა.
სი ძინპინის განცხადებით, „ჩინეთის კომუნისტურმა პარტიამ“ მისი „თავდაპირველი მისწრაფებები და მისია არ უნდა დაივიწყოს“.
„ტაივანის საკითხის მოგვარება და სრული გაერთიანება პარტიის ისტორიულ პასუხისმგებლობას წარმოადგენს“, – განაცხადა სი ძინპინმა.

