„ერთიან ნაციონალური მოძრაობაში“ აცხადებენ, რომ იწყებენ პარტიის ორგანიზაციული განვითარების ახალ ეტაპს, რომელიც მიზნად ისახავს ტრადიციული, ვერტიკალური პარტიული სტრუქტურის გარდაქმნას თანამედროვე, ციფრულ და მოქალაქეთა ფართო ჩართულობაზე დაფუძნებულ ქსელურ მოდელად.
პრეზენტაციას პარტიის ოფისში ირაკლი ფავლენიშვილი და ანი წითლიძე მართავენ. პრეზენტაციას არ ესწრება პარტიის მოქმედი თავმჯდომარე თინა ბოკუჩავა.
როგორც პრეზენტაციაზე განაცხადეს, რეფორმის მთავარი მიზანია პარტიის გახსნა, გამჭვირვალობის ზრდა და გადაწყვეტილებების მიღების პროცესში წევრების, მხარდამჭერების უფრო აქტიური მონაწილეობა.
მათივე ცნობით, კონცეფცია ეფუძნება ოთხ ძირითად მიმართულებას:
დელიბერაციული დემოკრატიის გაძლიერება – იქმნება მოქალაქეთა ასამბლეებისა და რეგიონული სათათბირო ჯგუფების სისტემა, სადაც პარტიული სტრატეგიის ფორმირებაში მონაწილეობენ როგორც წევრები, ისე დამოუკიდებელი ექსპერტები;
ციფრული პარტიის პლატფორმა – ინერგება ერთიანი ციფრული ეკოსისტემა, რომელიც უზრუნველყოფს შიდა არჩევნებს, პრაიმერის პროცესებსა და წევრთა ჩართულობას გამჭვირვალე, დაცულ ონლაინგარემოში;
ფინანსური გამჭვირვალობა და მიკროდონაციები – პარტია გადადის მცირე, რეგულარული შენატანების მოდელზე, რაც ამცირებს მსხვილი ფინანსური გავლენების რისკს და ზრდის ანგარიშვალდებულებას;
მონაცემებზე დაფუძნებული კომუნიკაცია – ხელოვნური ინტელექტისა და მონაცემთა ანალიზის გამოყენებით პარტია ახდენს მოქალაქეთა რეალური პრობლემების იდენტიფიცირებას და მიზნობრივ პოლიტიკურ კომუნიკაციას.
„პირველ ეტაპზე რეფორმა გულისხმობს მოხალისეობრივი ქსელის გაფართოებას, ციფრული დავალებების სისტემის დანერგვას და რეგიონული ავტონომიური ჰაბების შექმნას, რომლებიც იმუშავებენ დეცენტრალიზებული, მაგრამ კოორდინირებული მოდელით. ეს კონცეფცია მიზნად ისახავს პარტიის გარდაქმნას უფრო მოქნილ, თანამედროვე და მოქალაქეებთან უშუალოდ დაკავშირებულ პოლიტიკურ პლატფორმად“, – განაცხადეს „ნაციონალური მოძრაობის“ ელექტრონული რეფორმის პრეზენტაციაზე.

