ერთადერთი საზრუნავი მაქვს დღეს, არა როგორც პოლიტიკოსს, არამედ როგორც ქალს, დედას, რომ 4 შვილის დედა ელენე ხოშტარია, რომელსაც სამარტოო საკანში აწამებენ, გადაიყვანონ კლინიკაში და მიეცეს ადეკვატური მკურნალობის საშუალება, – ამის შესახებ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ, თინა ბოკუჩავამ ჟურნალისტებთან განაცხადა.
მისივე თქმით, როდესაც ადამიანი სამარტოო საკანშია და განგრძობადი ხასიათის ტკივილებს განიცდის, ყველა საერთაშორისო კონვენციის გათვალისწინებით კვალიფიცირდება როგორც წამების და არაადამიანური მოპყრობის ტოლფასი.
„დღეს აქ ერთადერთი მიზნით ვარ მოსული. ერთადერთი საზრუნავი მაქვს დღეს, არა როგორც პოლიტიკოსს, არამედ როგორც ქალს, დედას, რომ 4 შვილის დედა ელენე ხოშტარია, რომელსაც სამარტოო საკანში აწამებენ, იმის გამო, რომ მან საარჩევნო ბანერზე წარწერა გააკეთა, როგორც მინიმუმ, გადაიყვანონ კლინიკაში და მას მიეცეს ადეკვატური მკურნალობის საშუალება,“ – განაცხადა ბოკუჩავამ.
გარდა ამისა, ბოკუჩავას ჰკითხეს, დააყენებს თუ არა „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის პოსტზე საკუთარ კანდიდატურას, რაზეც მან უპასუხა, რომ ახლა მისი ერთადერთი პრიორიტეტი პატიმრობაში მყოფი ოპოზიციონერი პოლიტიკოსის, ელენე ხოშტარიას მდგომარეობაა.
„კანდიდატურასთან დაკავშირებითაც ეს პასუხი მაქვს. დღეს მაქვს ერთადერთი პრიორიტეტი როგორც პოლიტიკოსს, როგორც ქალს, როგორც დედას, რომ 4 შვილის დედა არ იყოს წამების მსხვერპლი სამარტოო საკანში. სხვა საზრუნავი ამ კონკრეტულ მომენტში, მე ნამდვილად არ გამაჩნია,“ – განაცხადა ბოკუჩავამ.
რაც შეეხება „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ყრილობას და პარტიის „ოპოზიციური ალიანსიდან“ შესაძლო გასვლის საკითხს – ბოკუჩავა ამბობს, რომ „არანაირ დემარშს „ნაციონალური მოძრაობა“ არ აპირებს“.
„ჩვენთვის მთავარია, რომ ჩვენ ვიზრუნოთ ხალხის პრობლემებზე, დავიხსნათ პოლიტიკური პატიმრები, ჩვენი ქვეყანა და ჩვენს შვილს მივცეთ უკეთესი მომავალი. ამ დიდ საკითხებზე უნდა ვკონცენტრირდეთ და გამოვიყენოთ ყველა შესაძლებლობა, მათ შორის, დემოკრატიულ პოლიტიკურ ძალებშიც, ოპოზიციაშიც იმისთვის, რომ საერთო შეხების წერტილები მოვძებნოთ ამ დიდი პრობლემების და გამოწვევების გადასალახად,“ – განაცხადა ბოკუჩავამ.
ცნობისთვის, სპეციალური პენიტენციური სამსახურის შენობასთან ოპოზიციონერი პოლიტიკისები და ელენე ხოშტარიას მხარდამჭერები იმყოფებიან.

