აქტუალური თემა ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

“ყაზახეთში ვიზიტს ჩვენი ქვეყნის ეკონომიკური განვითარებისთვის დიდი მნიშვნელობა აქვს” – მარიამ ქვრივიშვილი

ჩვენ განსაკუთრებული თანამშრომლობა გვაქვს ყაზახეთთან ტრანსპორტის, ტურიზმის, მათ შორის, შუა დერეფნის კონტექსტში, ასევე ვაჭრობის თვალსაზრისით, – განაცხადა მარიამ ქვრივიშვილმა ირაკლი კობახიძის ხელმძღვანელობით საქართველოს სამთავრობო დელეგაციის ყაზახეთში ვიზიტის შეფასებისას.

მარიამ ქვრივიშვილის განცხადებით, აღნიშნულ ვიზიტს უდიდესი მნიშვნელობა აქვს საქართველოსთვის, ქვეყნის ეკონომიკის შემდგომი განვითარებისთვის, ისევე, როგორც ყაზახეთის რესპუბლიკასთან არსებული მეგობრული ურთიერთობების გაძლიერების თვალსაზრისით.

მისი თქმით, ვიზიტის ფარგლებში საქართველოს დელეგაცია არაერთ მნიშვნელოვან შეხვედრას გამართავს ყაზახეთის ხელისუფლების პირველ პირებთან.

„ვფიქრობ, რომ მნიშვნელოვანი ვიზიტი იქნება, მათ შორის შედგება მრავალი ორმხრივი შეხვედრა – ორი ქვეყნის პრემიერ-მინისტრების, ისევე როგორც ყაზახეთის პრეზიდენტთან. ჩვენ ასევე გვექნება ორმხრივი შეხვედრები ჩვენს კოლეგებთან, რომლის ფარგლებშიც ვისაუბრებთ, თუ როგორ უნდა მოხდეს ქვეყნებს შორის ურთიერთობების კიდევ უფრო მეტად გაღრმავება“, – აღნიშნა მარიამ ქვრივიშვილმა.

მარიამ ქვრივიშვილი ყაზახეთთან თანამშრომლობის კუთხით განსაკუთრებულ აქცენტს აკეთებს ორი ქვეყნის როლზე შუა დერეფნის კონტექსტში.

„მინდა, განსაკუთრებულად გამოვყო ჩვენი ორი ქვეყნის როლი შუა დერეფნის კონტექსტში, რამდენადაც უკვე ძალიან მზარდია ტვირთნაკადი უშუალოდ შუა დერეფანში. ჩვენ განსაკუთრებულად მჭიდროდ ვთანამშრომლობთ ყაზახეთთან და, ამდენად, საერთო ინიციატივებით ვხედავთ, რომ, ფაქტობრივად, ყოველთვე ეს ინიციატივები უკვე რეალურ შედეგებში ისახება. ვფიქრობთ, რომ ამ ვიზიტის ფარგლებში განსაკუთრებულ ყურადღებას გავამახვილებთ ტრანსპორტისა და ლოგისტიკის სექტორში შემდგომ თანამშრომლობაზე“, – განაცხადა მარიამ ქვრივიშვილმა.

მისი ინფორმაციით, ყაზახეთის რესპუბლიკაში ვიზიტის ფარგლებში გაფორმდება მემორანდუმები ტურიზმისა და საინფორმაციო ტექნოლოგიების სფეროებში.

იტვირთბა....