ანკორიჯში ამერიკელებმა უკრაინაში კონფლიქტის მოგვარების ინიციატივები წარადგინეს და მოსკოვმა ისინი მიიღო, – ასე გამოეხმაურა რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი ლავროვი აშშ-ის სახელმწიფო მდივნის, მარკო რუბიოს განცხადებას, რომ მხარეებმა 2025 წლის აგვისტოში გამართულ შეხვედრაზე საბოლოო შეთანხმებას ვერ მიაღწიეს.
„როდესაც ჩემი კოლეგა ამბობს, რომ ალასკაში მხოლოდ წინადადებები იყო და შეთანხმება არ ყოფილა, მაინტერესებს, რას ვგულისხმობთ შეთანხმებაში. თუ ერთმა მხარემ, ამ შემთხვევაში შეერთებულმა შტატებმა, წინადადებები წარადგინა, მეორემ კი თანხმობა გამოთქვა, მაშინ იმის თქმა, რომ შეთანხმება არ ყოფილა, არცთუ ისე დამაჯერებლად ჟღერს“, – აღნიშნა რუსეთის საგარეო მინისტრმა.
მისი თქმით, სამიტამდე რამდენიმე დღით ადრე, თეთრი სახლის სპეციალური წარმომადგენელი სტივ უიტკოფი მოსკოვს ეწვია და აშშ-ის იგივე გეგმა ჩაიტანა.
„ანკორიჯში, მას შემდეგ, რაც ორი პრეზიდენტი მოლაპარაკების მაგიდასთან დაჯდა, პუტინმა ამერიკული წინადადებების პუნქტ-პუნქტად ჩამოთვლა დაიწყო. ყოველი პუნქტის შემდეგ ის, ტრამპისა და რუბიოს თანდასწრებით, უიტკოფს ეკითხებოდა, სწორად ჰქონდა თუ არა აღნიშნული ის იდეები, რომლებიც მან მოსკოვში ჩაიტანა. თითოეულ კითხვაზე უიტკოფი დადებით პასუხს სცემდა“, – განაცხადა ლავროვმა.
მან ამერიკულ მხარეს ვითარების დაზუსტებისკენ მოუწოდა და დასძინა, რომ ვაშინგტონის ბოლო განცხადებები, რომ აშშ კონფლიქტის მოგვარებაში კონსტრუქციული როლის შესრულებას ცდილობს, შუამავლის როლზე განაცხადის გაკეთებად ჟღერს.

