აქტუალური თემა ახალი ამბები მთავარი მსოფლიო პოლიტიკა

სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტმა დაამტკიცა კანონპროექტი, რომელიც მიზნად ისახავს FARA-ში ხარვეზების აღმოფხვრას და უცხოელი მოწინააღმდეგეების მიერ აშშ-ის პოლიტიკაზე გავლენის აღკვეთას

სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტმა დაამტკიცა კანონპროექტი, რომელიც მიზნად ისახავს უცხოელი მოწინააღმდეგეების მიერ აშშ-ის პოლიტიკაზე გავლენის აღკვეთას.

კანონპროექტის მიზანია უცხოელი აგენტების რეგისტრაციის შესახებ კანონის (FARA) არსებული ხარვეზების აღმოფხვრა, რომლებიც უცხოელი მოწინააღმდეგეების არარეგისტრირებულ აგენტებს აშშ-ში ლობისტური საქმიანობის განხორციელების საშუალებას აძლევს.

სენატორ ჯიმ რიშის განცხადებით, „წლების განმავლობაში აშშ-ის მთავარმა მოწინააღმდეგეებმა ისარგებლეს ამერიკული ლობისტური კანონმდებლობის ხარვეზებით, რათა გავლენა მოეხდინათ მაღალი რანგის სახელმწიფო მოხელეებზე და საკუთარი გეოპოლიტიკური ინტერესები გაეტარებინათ. ამის ცნობილი მაგალითებია რუსეთის მცდელობა, თავიდან აეცილებინა სანქციები „ჩრდილოეთის ნაკადი 2“-ის პროექტისთვის და ჩინური სათვალთვალო ტექნოლოგიების მწარმოებელი Hikvision-ის მცდელობა, თავი აერიდებინა სანქციებისთვის. ეს კანონპროექტი გამოასწორებს მნიშვნელოვან სამართლებრივ ხარვეზებს და უზრუნველყოფს მტრული უცხოური ლობისტური საქმიანობის გამჭვირვალობასა და ანგარიშვალდებულებას“, – განაცხადა რიშმა.

კანონპროექტის დამტკიცებასთან დაკავშირებით განცხადება გააკეთა სენატორმა ჯონ კორნინმაც.

„ამერიკის პოლიტიკა არ უნდა ყალიბდებოდეს იმ უცხოელი მოწინააღმდეგეების გავლენით, რომლებიც აქტიურად ცდილობენ ჩვენ წინააღმდეგ სასწორის გადახრას და ამერიკის ინტერესების შელახვას. ჩინეთისა და რუსეთის მსგავსი ქვეყნების მცდელობების გამოაშკარავებით ეს კანონპროექტი უკეთ დაიცავს აშშ-ის გადაწყვეტილებების მიღების პროცესს“, – განაცხადა კორნინმა.

კანონპროექტის დამტკიცებას მიესალმა სენატორი შელდონ უაითჰაუსიც. მისი თქმით, „როდესაც უცხოელი მოწინააღმდეგეები კანონში არსებულ ხარვეზებს იყენებენ კონგრესზე გავლენის მოსახდენად, ისინი პირდაპირ უქმნიან საფრთხეს აშშ-ის დემოკრატიას. ეს ორპარტიული კანონპროექტი დიდი ხნის წინ უნდა ყოფილიყო მიღებული და ხელს შეუშლის არარეგისტრირებულ უცხოელ აგენტებს ამერიკის პოლიტიკაზე ფარული გავლენის მოხდენაში“, – აღნიშნა სენატორმა შელდონ უაითჰაუსმა.

სენატორ ტომ ტილისის განცხადებით, „ჩინეთს, რუსეთსა და სხვა უცხოელ მოწინააღმდეგეებს არასოდეს უნდა მიეცეთ შესაძლებლობა, ფარულად მოახდინონ გავლენა ამერიკის პოლიტიკასა და საზოგადოებრივ აზრზე“.

აღსანიშნავია, რომ სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის მიერ დამტკიცებული კანონპროექტის ანალოგიური ვერსია კონგრესის ქვედა პალატაშიც არის წარდგენილი.

ცნობისთვის, უცხოელი აგენტების რეგისტრაციის შესახებ კანონი (FARA) ბოლოს 1990-იან წლებში შეიცვალა. სენატორების შეფასებით, ის ვეღარ პასუხობს თანამედროვე უცხოური გავლენის კამპანიების გამოწვევებს, როდესაც მოწინააღმდეგე ქვეყნები საკუთარი ინტერესების გასატარებლად კომერციულ საქმიანობასა და სამართლებრივ გამონაკლისებს იყენებენ.

ამჟამად მოქმედი კანონმდებლობით, უცხოელი მოწინააღმდეგეების წარმომადგენლებს შეუძლიათ, თავი აარიდონ FARA-ს ფარგლებში რეგისტრაციას იმ მოტივით, რომ მათი საქმიანობა კომერციული ხასიათისაა, შიდა ინტერესებს ემსახურება ან ექვემდებარება Lobbying Disclosure Act-ის (LDA) გამონაკლისებს. შედეგად, მათი გავლენის მცდელობები და ლობისტური საქმიანობა ხშირად იუსტიციის დეპარტამენტის ზედამხედველობის მიღმა რჩება.

კანონპროექტი ამ ხარვეზებს ხურავს და ავალდებულებს იმ პირებსა და ორგანიზაციებს, რომლებიც ჩინეთის, რუსეთის, ირანის, ჩრდილოეთ კორეის ან კუბის მთავრობის, ან მათთან დაკავშირებული კომერციული სტრუქტურების სახელით მოქმედებენ, FARA-ს ფარგლებში დარეგისტრირდნენ. ეს მათი გავლენის კამპანიების უფრო მაღალ გამჭვირვალობას უზრუნველყოფს.

კანონპროექტის მოქმედების ვადა ხუთი წლით განისაზღვრება.

ამასთან, დოკუმენტი სახელმწიფო მდივანს ანიჭებს უფლებამოსილებას, კონგრესს წარუდგინოს „შემაშფოთებელი ქვეყნების“ სიის გაფართოების ან შემცირების წინადადება, რომელიც განსაზღვრულია სახელმწიფო დეპარტამენტის საბაზისო უფლებამოსილებების შესახებ კანონით. შესაბამისი ცვლილებები ძალაში მხოლოდ იმ შემთხვევაში შევა, თუ მათ კონგრესი ერთობლივი რეზოლუციით დაამტკიცებს.

იტვირთბა....