აქტუალური თემა ახალი ამბები მთავარი მსოფლიო პოლიტიკა

“ახალი პროექტი ფოთის პორტს მისცემს შესაძლებლობას, ღირსეულად უპასუხოს თანამედროვე გამოწვევებს, გაატაროს მეტი ტვირთი და სრულად გამოავლინოს საკუთარი პოტენციალი” – კენეტ ენჯელსი

ფოთის პორტი საქართველოს ერთ-ერთი ყველაზე ამბიციური და წარმატებული ინფრასტრუქტურული პროექტია, რომელიც ქვეყნის პროგრესისა და წინსვლის სიმბოლოდ გვევლინება, – ამის შესახებ აშშ-ის საერთაშორისო განვითარების საფინანსო კორპორაციის (DFC) მმართველმა დირექტორმა, კენეტ ენჯელსმა ფოთის პორტის ახალი ნავმისადგომის მშენებლობის დაწყების ცერემონიაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. ინფრომაციას “პირველი არხი” ავრცელებს.

მისივე თქმით, ახალი პროექტი ფოთის პორტს მისცემს შესაძლებლობას, ღირსეულად უპასუხოს თანამედროვე გამოწვევებს, გაატაროს მეტი ტვირთი და სრულად გამოავლინოს საკუთარი პოტენციალი.

„მოხარული ვარ, რომ დღეს ვიმყოფები საქართველოში, შავი ზღვის ამ ულამაზეს სანაპიროზე, რათა თქვენთან ერთად აღვნიშნო ფოთის ახალი საზღვაო პორტის განვითარების კიდევ ერთი უმნიშვნელოვანესი ეტაპი. ფოთის პორტი საქართველოს ერთ-ერთი ყველაზე ამბიციური და წარმატებული ინფრასტრუქტურული პროექტია, რომელიც ქვეყნის პროგრესისა და წინსვლის სიმბოლოდ გვევლინება. 2022 წლიდან, ამ მოდერნიზებული პორტის გახსნიდან, ფოთის პორტმა არსებითი როლი შეასრულა საქართველოს ეკონომიკის ტრანსფორმაციასა და ევროპასა თუ ცენტრალურ აზიას შორის მზარდ სავაჭრო მომსახურებაში. დღეს კი, როდესაც ტრანსკასპიური დერეფნის მასშტაბით ვაჭრობა მუდმივად იზრდება, ჩვენ საფუძველს ვუყრით პორტის შემდგომ გაფართოებას. ეს პროექტი პორტს მისცემს შესაძლებლობას, ღირსეულად უპასუხოს თანამედროვე გამოწვევებს, მიიღოს უფრო დიდი ზომის გემები, გაატაროს მნიშვნელოვნად მეტი ტვირთი და სრულად გამოავლინოს საკუთარი პოტენციალი.

DFC არის ამერიკის მთავრობის საინვესტიციო ერთეული. ის უზრუნველყოფს გლობალური მიწოდების ჯაჭვს, მუშაობს პირდაპირ კერძო სექტორთან გრძელვადიანი ინვესტირების ფარგლებში. ეს პრიორიტეტად ისახავს ინფრასტრუქტურას, ვინაიდან წარმოადგენს მყარი ეკონომიკის საფუძველს. ვაჭრობა და დაკავშირებადობა ზრდის უმნიშვნელოვანესი ფაქტორია. DFC არის ხანგრძლივი პარტნიორი ფოთის პორტისთვის. ჩვენ მნიშვნელოვანი როლი შევასრულეთ ფოთის პორტის განვითარებაში. ეს გაფართოება მნიშვნელოვნად შეცვლის თამაშის წესებს. დაახლოებით ერთი მილიონი ტონა დაემატება ტვირთბფრუნვას და ტრანსკასპიურ დერეფანს მნიშვნელოვნად გააძლიერებს“, – აღნიშნა DFC-ის მმართველმა დირექტორმა.

ენჯელსის თქმით, DFC-სთვის ძალიან კარგი პარტნიორია ფოთის პორტი, რომელმაც, მისივე თქმით, განვითარებისთვის ღირსეულად შეასრულა ყველა ნაბიჯი.

„ეს არის იმის არაჩვეულებრივი მაგალითი, რა როლს თამაშობს კერძო სექტორი გრძელვადიანი ეკონომიკური განვითარებისა თუ რეგიონული დაკავშირებადობისთვის. ეს პროექტი აგრძელებს იმ არაჩვეულებრივ ისტორიას, რომელიც უკავშირდება საქართველოს ეკონომიკურ ზრდას. საქართველოში პირველად 25 წლის წინ ჩამოვედი, რა დროსაც ვნახე არაჩვეულებრივი ქვეყანა ძალიან დიდი პოტენციალით, რომელსაც სჭირდებოდა თანამედროვე ინფრასტრუქტურაში ინვესტირება. რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, საქართველოში ვნახე ოპტიმიზმი და სურვილი ქვეყნის განვითარების. ქართველი ხალხის სულისკვეთება, ისევე, როგორც კერძო სექტორი, ქვეყანას შესაძლებლობას მისცემს, ძალიან ბევრს მიაღწიოს. ჩემთვის დიდი პატივია, წლების განმავლობაში ვმუშაობდე აშშ-ის მთავრობის სახელით და დღეს, DFC-ისა და ამერიკის მთავრობის სახელით მინდა, გულითადად მოგილოცოთ ეს მნიშვნელოვანი ინიციატივა“, – განაცხადა ენჯელსმა.

ცნობისთვის, აშშ-ის საერთაშორისო განვითარების საფინანსო კორპორაციამ (DFC) კომპანია PACE Group-თან 25 მილიონი დოლარის ოდენობის მეორე სასესხო შეთანხმება გააფორმა. დაფინანსება ფოთის ახალი საზღვაო პორტის მეორე ნავმისადგომის მშენებლობის დასრულებას მოხმარდება.

იტვირთბა....