აქტუალური თემა ახალი ამბები მთავარი მსოფლიო პოლიტიკა

პაატა სალიამ გაერო-ს ფორუმის მონაწილეებს მოქალაქეზე ორიენტირებული საჯარო სერვისების მიწოდების ქართული მოდელი გააცნო

პაატა სალიამ თბილისში მიმდინარე გაერო-ს ფორუმზე ისაუბრა. იუსტიციის სამინისტროს ცნობით, პაატა სალიამ დელეგატების კითხვებს უპასუხა და ყურადღება გაამახვილა ფიზიკური და ციფრული ინფრასტრუქტურის განვითარებაზე, რაც ქვეყანაში საჯარო სერვისებზე უნივერსალურ წვდომას უზრუნველყოფს.

კერძოდ, აღინიშნა, რომ ქვეყნის მასშტაბით საჯარო და კერძო სერვისების მისაღებად მომხმარებელთა საჭიროებებზე ორიენტირებული 127 იუსტიციის სახლი, ხოლო გეოგრაფიული ბარიერის დასაძლევად 90 სოფელს 20 მობილური იუსტიციის სახლი ემსახურება; სერვისები ხელმისაწვდომია პენიტენციურ დაწესებულებებში გახსნილ იუსტიციის სახლებში; მომსახურების მიღებისას უზრუნველყოფილია ეთნიკური უმცირესობების საჭიროებები; 400-ზე მეტი საჯარო და კერძო სერვისის მიღება შესაძლებელია ონლაინ ერთიან ელექტრონულ პორტალზე MY.GOV.GE; მოქმედებს „გონიერი კონტრაქტი“, რომელიც კერძო საკუთრების რეგისტრაციის დისტანციური საშუალებაა; სერვისების ციფრული ტრანსფორმაცია კი, განმტკიცებულია საქართველოს 2025-2030 წლების ციფრული მმართველობის სტრატეგიის დოკუმენტით.

„ჩვენ გავაგრძელებთ ინოვაციების დანერგვას, ჩვენი სერვისების გაფართოებასა და გაუმჯობესებას, რათა სახელმწიფო სერვისები დარჩეს ხელმისაწვდომი, ოპერატიული და მოქალაქეზე ორიენტირებული“, – აღნიშნა პაატა სალიამ.

23-25 ივნისს თბილისი საჯარო სერვისების გაერო-ს ფორუმს მასპინძლობს, სადაც მსოფლიო ლიდერები საერთაშორისო ექსპერტებთან ერთად მოქალაქეზე ორიენტირებული, ინოვაციური საჯარო სერვისების საკითხებზე მსჯელობენ. მაღალი დონის ფორუმის თბილისში ჩატარება იმ წარმატებული რეფორმების საერთაშორისო აღიარებაა, რომელთაც საქართველო წლებია, ახორციელებს ხელმისაწვდომი და ეფექტიანი საჯარო სერვისების განვითარებისათვის.

ინფორმაციას იუსტიციის სამინისტრო ავრცელებს.

იტვირთბა....