“ამერიკასთან ურთიერთობები არ აღდგება მხოლოდ იმიტომ, რომ ბიძინა ივანიშვილი ვიღაც ლობისტებს ამუშავებს ვაშინგტონში” – ამის შესახებ საქართველოს მეხუთე პრეზიდენტმა Facebook Live-ში განაცხადა, სადაც მოქალაქეების კითხვებს პასუხობს.
მისი თქმით, შეერთებული შტატების პოლიტიკა ძალიან პრაგმატულია – “მე ეს მაინტერესებს შენგან და შენგან თუ ამას მივიღებ მერე შეიძლება რაღაც დავალაგო”.
სალომე ზურაბიშვილი აღნიშნავს, რომ თუ აშშ-სთან რეალურად დადგება ურთიერთობების გადატვირთვის საკითხი, მაშინ ამერიკა დაინტერესდება – “არის მზად ეს ხელისუფლება, რომ დაუთმოს ანაკლია არა ჩინელებს, არამედ ამერიკელებს”.
ამერიკასთან ურთიერთობები არ აღდგება და არ იქნება რაღაცნაირად გადალაგებული მხოლოდ იმიტომ, რომ ბიძინა ივანიშვილი ვიღაც ლობისტებს ამუშავებს ვაშინგტონში, ერთის მხრივ იმისთვის, რომ მისი პირადი სანქციები მოიხსნას, მეორეს მხრივ, რომ რაღაც ჩვენებითი აღდგენა მოხდეს ამ ურთიერთობების. როგორც ვხედავთ ახალი ადმინისტრაციის პოლიტიკას სხვადასხვა ქვეყნებთან მიმართებაში, ეს არის ძალიან პრაგმატული პოლიტიკა, რომელიც გადის იმაზე, რომ მე ეს მაინტერესებს შენგან და შენგან თუ ამას მივიღებ მერე შეიძლება რაღაც დავალაგო.
რეალურად ის, რაც შეიძლება აინტერესებდეს ამერიკას ჩვენ ქვეყანაში არის ისეთი საკითხები, რომლებიც ძნელად იქნება მოსაგვარებელი ამ ხელისუფლებასთან იმიტომ, რომ ეს ნიშნავს, რომ ეს ხელისუფლება აღმოჩნდება რუსეთთან ცოტა რთულ პოზიციაში. […]
არის მზად ეს ხელისუფლება, რომ დაუთმოს ანაკლია არა ჩინელებს, არამედ ამერიკელებს და შემოიყვანოს ისინი რუსეთთან ახლოს და რუსეთის იმ სამხედრო ბაზასთან ახლოს, რომელსაც რუსეთი აშენებს, თუ ვითომაც აშენებს ოჩამჩირეში? – ეს საკითხი დაისმება, თუ რეალურად დაისვა საკითხი გადალაგების. რატომღაც არ მჯერა,” – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

