ჰორმუზის სრუტეში გადასახადები არ იქნება, – ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი სოციალურ ქსელში წერს.
„ჰორმუზის სრუტეში 60-დღიანი ცეცხლის შეწყვეტის პერიოდში გადასახადები არ იქნება და გადასახადები ამ 60-დღიანი პერიოდის შემდეგაც არ იქნება, გარდა იმ შემთხვევისა, თუ შეთანხმების შეუსრულებლობის გამო მას თავად აშშ არ დააწესებს საკუთარი მიზნებისთვის, როგორც ახლო აღმოსავლეთის ქვეყნებისთვის მფარველი ანგელოზის სახით გაწეული მომსახურებისთვის წარსული, აწმყო და მომავალი ხარჯების ანაზღაურების მიზნით“, – წერს ტრამპი Truth Social-ზე.
ცნობისთვის, შაბათს ირანის შეიარაღებული ძალების ცენტრალურმა შტაბმა გამოაცხადა, რომ ჰორმუზის სრუტე კვლავ დახურეს. ირანის შეიარაღებული ძალების განცხადების მიუხედავად, აშშ-ის ცენტრალური სარდლობის ცნობით, ჰორმუზის სრუტეში კომერციული გემები კვლავ გადაადგილდებიან და შაბათს სრუტეში 55-მა გემმა გაიარა.
ირანის უზენაესი ლიდერის, აიათოლა მოჯთაბა ხამენეის მრჩეველმა, მოჰამად მოხბერმა, აშშ 14-პუნქტიანი ურთიერთგაგების მემორანდუმის პირველი პუნქტის შეუსრულებლობაში დაადანაშაულა, რომელიც ცეცხლის შეწყვეტას „ყველა ფრონტზე“, მათ შორის ლიბანშიც მოიცავს.

