მაკა ბოჭორიშვილმა ტაჯიკეთის რესპუბლიკაში ირაკლი კობახიძის ვიზიტი შეაფასა.
მისი განცხადებით, აღნიშნული ვიზიტი ორ ქვეყანას შორის ურთიერთობების გაღრმავების მიმართულებით გადადგმულ მნიშვნელოვან ნაბიჯს წარმოადგენს. მაკა ბოჭორიშვილის შეფასებით, მაღალი დონის ვიზიტები დამატებით შესაძლებლობებს ქმნის, როგორც ეკონომიკური და სავაჭრო ურთიერთობების, ისე სხვადასხვა სფეროში პარტნიორობის გაძლიერების მიმართულებით.
„ტაჯიკეთში პრემიერ-მინისტრის ვიზიტი არის მნიშვნელოვანი ნაბიჯი ორ ქვეყანას შორის ურთიერთობებში. მაღალი დონის ვიზიტების გაცვლა იძლევა კარგ შესაძლებლობას, რომ სხვადასხვა მიმრათულებით ურთიერთობების განვითარებაზე ვისაუბროთ“, – აღნიშნა საგარეო უწყების ხელმძღვანელმა.
მინისტრმა ასევე ყურადღება გაამახვილა ცენტრალური აზიის ქვეყნებთან საქართველოს თანამშრომლობის მნიშვნელობაზე რეგიონული დაკავშირებადობისა და სატრანზიტო ფუნქციის განვითარების კონტექსტში.
„ცენტრალური აზიის ქვეყნებთან ურთიერთობები ზოგადად ჩვენთვის მნიშვნელოვანია და პრიორიტეტი იმ თვალსაზრისით, რომ მათთვის საქართველო არის მნიშვნელოვანი სატრანზიტო ქვეყანა. ამ კონტექსტში საჭიროა ეკონომიკური, სავაჭრო ურთიერთობების გაძლიერება, ასევე სხვადასხვა სფეროში თანამშრომლობა ქვეყნებს შორის. ასევე, ჩვენთვის საინტერესოა ცენტრალური აზიის ქვეყნებთან პარტნიორობა საერთაშორისო ორგანიზაციების ფარგლებში და ამ კონტექსტში მნიშვნელოვანია სწორედ ეს ვიზიტი, რაც ხელს შეუწყობს ჩვენი ურთიერთობების განვითარებას და გაძლიერებას“, – განაცხადა მაკა ბოჭორიშვილმა.
ირაკლი კობახიძე ოფიციალური ვიზიტით ტაჯიკეთის რესპუბლიკაში გაემგზავრა. ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში დაგეგმილია საქართველოს პრემიერ-მინისტრის შეხვედრა ტაჯიკ კოლეგასთან პირისპირ და გაფართოებულ ფორმატში. ასევე, საქართველოს მთავრობის მეთაურს პრეზიდენტის სასახლეში უმასპინძლებს ტაჯიკეთის რესპუბლიკის პრეზიდენტი ემომალი რახმონი.

