ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

სააღდგომოდ კახეთში ნახევარი მილიონი ლარის პრემიები გაიცა

 

სააღდგომოდ კახეთის თვითმმართველობებში ნახევარი მილიონი ლარის ოდენობის პრემია გაიცა. რელიგიურ დღესასწაულთან დაკავშირებით გამგეოებებისა და საკრებულოების თანამშრომლებმა ხელფასის ოდენობის დანამატი მიიღეს. ფაქტს ოპოზიციისა და ხალხის მხრიდან მწვავე რეაქცია მოჰყვა.

„საჯარო მოხელეები რომ დღესასწაულს სათანადოდ შეხვედროდნენ, გადავწყვიტეთ მათთვის სააღდგომოდ პრემიები მიგვეცა. როგორც მოგეხსენებათ, მთლიანად ქვეყანაში სოციალური გაჭირვებაა“, – ამ სიტყვებით განმარტავს ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე გოდერძი ბარბაქაძე პრემიების დარიგების ფაქტს. ირკვევა, რომ ლაგოდეხში პრემია სულ 171-მა საჯარო მოხელემ მიიღო, რისთვისაც ადგილობრივი ბიუჯეტიდან 116 ათას 450 ლარი დაიხარჯა.

გოდერძი ბარბაქაძე ფიქრობს, რომ შესაძლოა პრემიები დამსახურების მიხედვითაც გაიცემოდეს, თუმცა ახლანდელ წესშიც ცუდს ვერაფერს ხედავს.

კახეთში ლაგოდეხი არ არის ერთადერთი, სადაც საჯარო მოხელეებს „სააღდგომო პრემიები“ დაურიგდათ. საერთო ჯამში, კახეთის თვითმმართველობებში ნახევარი მილიონი ლარის ოდენობის პრემია გაიცა. გამგეოებებისა და საკრებულოების თანამშრომლებმა ხელფასის ოდენობის დანამატი მიიღეს. საგარეჯოს მუნიციპალიტეტში 118 000 ლარი პრემია მიიღეს, დედოფლისწყაროში – 100 000 ლარი, სიღნაღში – 96 540 ლარი, ახმეტაში – 80 000 ლარი, გურჯაანის მუნიციპალიტეტში – 132 000 ლარი.

ყვარელში პრემიებზე უარი მხოლოდ საკრებულომ თქვა, გამგეობამ კი 50 ათასი ლარი აიღო. პრემიები არ აიღეს თელავის მერიაში, თელავის თვითმმართველ თემში კი აღდგომის ნაცვლად პრემია სარვამარტოდ დაირიგეს, თუ რატომ, ამას თვითმმართველი თემის გამგებელი ალექსანდრე შათირიშვილი განმარტავს.

ის ფორმა, რა ფორმითაც დღეს პრემიები გაიცემა, კატეგორიულად მიუღებელია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობისთვის“. როგორც კახეთის ორგანიზაციის ხელმძღვანელმა გიორგი ბოტკოველმა გვითხრა, „ზოგადად პრემიები უნდა გაიცემოდეს, თუმცა კარგი მუშაობისთვის“. ბოტკოველის აზრით, კახეთში დღეს არც ერთი გამგებელი პრემიას არ იმსახურებს.

საჯარო მოხელეებისთვის პრემიების დარიგებაზე ყოველთვის მწვავე რეაქცია აქვს მოსახლეობას. ისინი ამჟამადაც მიიჩნევენ, რომ თანამდებობის პირები არათუ პრემიებს, მაღალ ხელფასებსაც არ იმსახურებენ.

კოალიცია „ქართული ოცნება“, ვიდრე ოპოზიციაში იყო, პრემიებსა და დანამატებზე ისე რეაგირებდა, როგორც ახლა მოქმედი ოპოზიცია და ხალხი, თუმცა დღემდე არ ჩამოყალიბებულა სისტემა, რომლის მიხედვითაც პრემიები და დანამატები მხოლოდ კარგი მუშაობისთვის გაიცემა.

წყარო: რადიო თავისუფლება

იტვირთბა....