ევროკავშირი გააგრძელებს უკრაინისა და მისი ხალხისთვის ყოვლისმომცველი პოლიტიკური, ფინანსური, ეკონომიკური, ჰუმანიტარული, სამხედრო და დიპლომატიური მხარდაჭერის გაწევას თანამოაზრე პარტნიორებთან და მოკავშირეებთან კოორდინაციით, – ამის შესახებ ევროპული საბჭოს დასკვნებშია აღნიშნული.
ევროპული საბჭო კიდევ ერთხელ ადასტურებს უკრაინის დამოუკიდებლობის, სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობისადმი მტკიცე და ურყევ მხარდაჭერას მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში.
„ევროპული საბჭო მიესალმება უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ სამთავრობათაშორისო კონფერენციის ჩატარებას და ფუნდამენტური საკითხების კლასტერის გახსნას 2026 წლის 15 ივნისს და მოუთმენლად ელის სხვა კლასტერების გახსნას, დამსახურებაზე დაფუძნებული მიდგომის შესაბამისად“, – აღნიშნულია დოკუმენტში.
საბჭო ხაზს უსვამს, რომ ევროკავშირი მხარს უჭერს უკრაინაში ყოვლისმომცველ, სამართლიან და მდგრად მშვიდობას, რომელიც დაფუძნებულია გაეროს ქარტიისა და საერთაშორისო სამართლის პრინციპებზე და გამყარებულია უკრაინისთვის უსაფრთხოების მყარი და სანდო გარანტიებით.
„უკრაინაში მშვიდობისკენ მიმავალი გზა უკრაინის გარეშე ვერ გადაწყდება. ევროკავშირი თავად გადაწყვეტს მისი კომპეტენციის ფარგლებში ან მის უსაფრთხოებაზე მოქმედ საკითხებს“, – აღნიშნულია დასკვნებში.
ევროპული საბჭო აცხადებს, რომ მხარს უჭერს დიპლომატიურ ძალისხმევას რუსეთის აგრესიული ომის დასასრულებლად და ხაზს უსვამს ევროკავშირის მზადყოფნას, გააძლიეროს თავისი ჩართულობა ამ კონტექსტში, კავშირის მიზნის შესაბამისად, რომელიც მშვიდობის ხელშეწყობას ისახავს მიზნად.
„ევროპას გადამწყვეტი როლი აკისრია მომავალ შეთანხმებაში და მზადაა დაიცვას თავისი ინტერესები. სამხედრო და სტრატეგიული მიზნების მიუღწევლობის შემდეგ, რუსეთმა გააძლიერა სარაკეტო და დრონებით თავდასხმები უკრაინის ქალაქებსა და ენერგეტიკულ ინფრასტრუქტურაზე. ევროპული საბჭო მოუწოდებს რუსეთს, გამოიჩინოს გულწრფელი ნება მშვიდობის მიმართ, დათანხმდეს სრულ, უპირობო და დაუყოვნებლივ ცეცხლის შეწყვეტას და ჩაერთოს სამართლიანი და მდგრადი მშვიდობის მისაღწევად მნიშვნელოვან მოლაპარაკებებში“, – აღნიშნულია დასკვნებში.
ევროპული საბჭო მკაცრად გმობს უკრაინაში რუსეთის მიერ მშვიდობიანი მოსახლეობის წინააღმდეგ განხორციელებულ სარაკეტო და დრონებით თავდასხმებს, იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლ კიევ-პეჩორის ლავრაზე ბოლო დროს განხორციელებულ დარტყმებს.
„ასევე ევროკავშირის წევრი სახელმწიფოების მიმართ სულ უფრო აგრესიულ, უგუნურ და უპასუხისმგებლო ქცევას, მათ შორის უცხოურ საინფორმაციო მანიპულაციასა და ჩარევას, ასევე უკრაინაში ევროპული დიპლომატიური წარმომადგენლობის წინააღმდეგ მუქარას.
„ბოლოდროინდელი ინციდენტი, რომლის დროსაც ასაფეთქებელი ნივთიერებებით დატვირთული რუსული დრონი რუმინეთში საცხოვრებელ შენობას შეეჯახა, ასევე სხვა წევრ სახელმწიფოებში მომხდარი მსგავსი ინციდენტები რუსეთის მიერ უკრაინის წინააღმდეგ განხორციელებული აგრესიის პირდაპირი შედეგია და საფრთხეს უქმნის ევროკავშირის მოქალაქეების უსაფრთხოებას და რეგიონულ სტაბილურობას. ევროპული საბჭო მკაცრად გმობს წევრი სახელმწიფოების საჰაერო სივრცისა და ტერიტორიული წყლების დარღვევას და ხაზს უსვამს, რომ რუსეთს სრული პასუხისმგებლობა ეკისრება ესკალაციის გამომწვევი ქცევისა და სამხედრო მოქმედებების შედეგებზე“, – აღნიშნულია დასკვნებში.
საბჭო ხაზს უსვამს, რომ ევროკავშირი და წევრი სახელმწიფოები მზად არიან, წვლილი შეიტანონ უკრაინისთვის უსაფრთხოების მყარი და სანდო გარანტიების შექმნაში, განსაკუთრებით „მსურველთა კოალიციის“ მეშვეობით და ამერიკის შეერთებულ შტატებთან თანამშრომლობით. ეს მოიცავს უკრაინის მხარდაჭერას, შეაკავოს მის წინააღმდეგ აგრესია და ეფექტურად დაიცვას თავი, მათ შორის გრძელვადიან პერსპექტივაში. ასევე ცეცხლის შეწყვეტის მონიტორინგის მხარდაჭერას ევროკავშირის სატელიტური ცენტრის მეშვეობით. საბჭო ხაზს უსვამს, რომ ევროკავშირისა და წევრი სახელმწიფოების წვლილი დაფუძნებული იქნება მათ შესაბამის კომპეტენციებსა და შესაძლებლობებზე და საერთაშორისო სამართლის შესაბამისად განხორციელდება.

